“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილის ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ხალხს უკვე საკუთარ რიგებში “დაერია” . მისი თქმით, სწორედ ამის გამოვლინებაა „ქართული ოცნების” პიარ ჯგუფის ექს-ხელმძვანელის და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, გიორგი უძილაურის დაკავებაც.
პოლიტიკოსის განცხადებით, უძილაურის დაკავება დაშინების და ტერორის ერთგავრი გამოვლინებაა.
“ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმის, რომ რეჟიმი საკუთარ რიგებშიც დაერია უკვე ხალხს. რეალური მოტივაცია რა არის, არ ვიცი. თუ ეს არის დადანაშაულება ევროპული სახელმწიფოების სასარგებლო ჯაშუშობაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის, მათ შორის პრევენციული ზომა ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ შეუზღუდოს ყველანაირი კონტაქტის შესაძლებლობა სხვადასხვა ხალხს დასავლეთის ქვეყნებთან და დაშინების, ტერორის ერთგავრი გამოვლინება”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია.
