კობახიძის ავანტიურამ სრული კრახი განიცადა, – ასე აფასებს “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი ფასების კომისიის მუშაობას. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომისიის სამთვიანი მუშაობა მოსახლეობისთვის „ნულოვანი შედეგით“ დასრულდა, ხოლო წარმოდგენილი დასკვნა რეალური ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ვერ პასუხობს და მხოლოდ ფორმალურ შეფასებებსა და ზოგად რეკომენდაციებს შეიცავს.
დათუნაშვილის განცხადებით, კომისიის მუშაობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ გააჩნია არც ეკონომიკური ხედვა და არც პოლიტიკური ნება, რეალურად იმოქმედოს ფასების სტაბილიზაციის მიმართულებით.
“ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მილიონერთა შემადგენლობამ მუშაობა დაასრულა, რა თქმა უნდა, ნულოვანი შედეგით მოსახლეობისთვის.
სამაგიეროდ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ კოლმეურნეობის პატრიული დირექტორების დანიშვნას რეგიონებში, რომლებიც სამამულო წარმოების პროდუქტის ჩამბარებელ პუნქტებს უხელმძღვანელებენ.
აი, ესაა რაც მოვისმინეთ და იკითხება იმ 104 გვერდიანი დასკვიდან, რომელიც ფასების კომიკურმა კომისიამ დღეს დადო.
არაფერი ქმედითი ნაბიჯი, არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც იმოქმედებდა ფასების შემცირებაზე, რაც იყო მტავარი მიზანი ამ კომისიის შექმნისა, ამ კომისიას არ დაუდია. პირიქით, კომისია, რომელსაც ფასების შემცირების პარალელურად ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის უნდა შეეწყო ხელი, კიდევ უფრო დამაზიანებელი წინადადებებით გამოდის და პროდუქციის ეტიკეტირებაზე საუბრობს, რაც მეწარმეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება და შესაბამისად, პროდუქტის ფასს კიდევ უფრო გააძვირებს…
კომისიამ ილაპარაკა არღაც სტრუქტურულს ცვლილებებზე, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებზე, ტრანსპორტირების პრობლემაზე, თითქოს აქედან რომელიმე საქართველოს მოქალაქეებმა და მეწარმეებმა არ იციან. არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, არცერთი ქმედითი ნაბიჯი, რომელზეც სახელმწიფოს რეალური გავლენა შეიძლება, ჰქონდეს. იქნება ეს აქციზის შემცირება, სხვა გადასახადების დაწევა, საგადასახადო ტვირთის შემცირება, სახელმწიფო სერვისებისთვის ფასის დაკლება, ან რაიმე სხვა, არცერთი ასეთი შემოთავაზება, პირიქით, აბსოლუტურად უშინაარსო და არაკომპეტენტური ელემენტალური ეკონომიკის უცოდნრიობის დონეზე დაყვანილი რეკომენდაციები.
კომისიის მუშაობამ ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არც პოლიტიკური ნება და არც ეკონომიკური ხედვა ფასების სტაბილიზაციისთვის. ამ კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით დასაწყისშივე ამ კომისიის მუშაობის, რომ ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტის 80%-ის იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ქვეყანაშ, სადაც ადგილობრივი წარმოება ფაქტობრივად არ არსებობს და ხელის შემშლელი ფაქტორები აქვს, ასეთ ქვეყანაში ფასების კონტროლზე რაიმე ზეგავლენა ჰქონდეს ხელისუფლებებს გარდა საგადასახადო ტვირთის შემცირებისა, იყო აბსოლუტური ნონსენსი, მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა.
საპირისპირო მივიღოთ. ამ კომისიის დასრულებისას ჩვენ მივიღეთ 7.5%-ით გაზრდილი ინფლაცია, შესაბამისად, გაზრდილი ფასები აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე. საწვავის ფასი, დაახლოებით 1 ლარით გაზრდილი და შესაბამისად, კასკადურად, ყველა მომსახურებაზე და პროდუქტზე გაზრდილი ფასი. დენის ტარიფი 30%-ით გაძვირებული, შესაბამისად, ყველა სერვისისას და პროდუქტის ფასის გაზრდა უახლოეს პერიოდში დამატებით კიდევ მოსალოდნელი და მივიღეთ გაზრდილი სახელმწიფო სერვისების საფასურები. აი, ეს არის რეალური შედეგი ამ კომისიისა და საღ აზრზე არმყოფი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რო ღორის და საქონლის ხორცის ჰიბრიდს თურმე ყიდულობს სადღაც ნახევარ კილოს 10 ლარად. აი, ეს მივიღეთ, პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი აქტი, აკანკალებული ხმით კომისიის მილიონერი თავმჯდომარე, რომელიც ამ სისულელეებს სწორადაც კი ვერ გამოთქვამდა.
საქართველოს მოქალაქეები კი ყოველ დღე ხედავენ 40 ლარიან საქონლის ხორცს ბაზარში, 10 ლარიან ორ ცალ პომიდორს და გაძვირებულ ცხოვრებას აბსოლუტურად ყველა მის ასპექტში.
შეუძლებელია, რომ ამ სამთვიანმა ბინძურმა, პროპაგანდისტულმა ავანტიურამ ჩაიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი, ამ სიმახინჯეზე თავიდან ბოლომდე ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ახლა ერთხელ მაინც გამოიჩინოს პოლიტიკური ვაჟკაცობა და თქვას, რომ მისმა ამ ავანტიურამ განიცადა სრული კრახი, – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
