ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი კომპონენტია მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა, რაც ამ ჯაჭვის სიგრძით არის გამოწვეული.
როგორც კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დასკვნის წარდგენისას აღნიშნა, მიწოდების ჯაჭვის დავიწროება გრძელვადიან სტრატეგიაში უნდა გაიწეროს, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად, 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში.
„რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურული პრობლემის გასწორებაზე და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძიდან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში ქმნის დამატებით ხარჯებს, ამიტომ აუცილებელია, მიწოდების ჯაჭვის შემცირება. ეს ნიშნავს ურთიერთობების მაქსიმალურ დაახლოებას მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და ასევე, მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას. ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა ეს პროცესი ერთდღიანი არ არის და ეს პროცესი გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და რეგიონში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოჯისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია აღნიშნულ ლოჯისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია ქსელებში, საცალო მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც, საბოლოო ჯამში, სისტემურად 8%-დან 9%-მდე შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. ეს არის ძალიან სტრატეგიული მიმართულება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.“- განაცხადა ბერეკაშვილმა.
