MDF-ის კვლევის მიხედვით, AI გენერირებული ტროლები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტს იწუნებენ და სახელისუფლებო პოზიციას იწონებენ. „მედიის განვითარების ფონდმა“ ასეთი ყალბი 75 ანგარიში გამოავლინა და ისინი რამდენიმე ნიშნით დააჯგუფა, ესენია”
▪️ „75 ყალბი ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ იდენტურ ფოტოს მცირედი მოდიფიცირებით იყენებს, 28 ანგარიში კი სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს“
▪️ „ამ 28 ანგარიშიდან 17 „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ დისკრედიტაციის კამპანიებშიც იყო ჩართული“
▪️ „75 ანგარიშიდან 47-ს პროფილის ფოტო 2026 წლის აპრილში აქვს ატვირთული, 26-ს კი 2025 წელს, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული“
▪️ „75 ანგარიშიდან 70-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული“.
„სოციალურ ქსელში საეჭვო, კოორდინირებული აქტივობა უკავშირდება რუსთავი 2-ის მიერ 2026 წლის 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის თემაზე. აღნიშნული პოსტები მოიცავს როგორც სამეცნიერო კვლევის აღწერას (ვირთაგვაზე შექმნილი მოდელი და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირება), ისე კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ამ პოსტების ანალიზი მიუთითებს, რომ არაავთენტური ანგარიშები კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას პოსტის მოწონებების (ლაიქების) და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების (CIB) გზით ცდილობენ.
ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ რუსთავი 2-ის მიერ 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას“, — ნათქვამია MDF-ის კვლევაში.
