თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბორის (ჩელე) ყურუამ საბოლოო სიტყვით ისარგბელა და სასამართლოს მიმართა.
უფლებადამცველი განმარტავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მტკიცებულება ირაკლი ჩხვირკიას სასახლის ეზოს ტერიტორიაზე ყფნას არ ადასტურებს. ამასთან, 135 მოწმიდან არცერთს არ უხსენებია კონკრეტული ბრალდებული.
“ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ?” – განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
“პირველი თვალშისაცემი ტყუილი გახლავთ ის, რომ ირაკლი ჩხვირკია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში იმყოფებოდა, 1 წამით მაინც. მათ მიერვე წარმოდგენილი მასალებით ჩანს, რომ ირაკლი ეზოს ტერიტორიაზე არ შესულა. ბატონმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაშიც გაიმეორა, რომ ჩხვირკია იმყოფებოდა სასახლის ეზოს ტერიტორიაზე, ჩემთვის სრულად გაუგებარია რა უდევს ამას საფუძვლად, რამეთუ არც ერთი მტკიცებულება, ნუ რაღა არც ერთი ისედაც ერთია, ამას არ ადასტურებს.
ამბობენ რომ ის იღებდა აქტიურ მონაწილეობას ძალადობრივ მოქმედებაში და ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებსო. ამის მტკიცებულება სად არის? იქნებ ვიდეოა სადმე სადაც ძალადობს? ღობეს ეჯაჯგურება, რამეს ანგრევს, ვინმეს ურტყამს იქნებ მოწმეა სადმე, ვინც ამას დაგვიდასტურებს? ექნება ბრალდების მხარეს რეპლიკის საშუალებას და მე ამაზე პასუხს დიდი სიამოვნებით მოვისმენ.
არ არსებობს მოწმე, 135 მოწმიდან, რომელიც არათუ იმას დაადასტურებდა, რომ ირაკლი ჩხვირკიამ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არამედ საერთოდ რამეს იტყოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ
ირაკლი 6 წლის იყო აფხაზეთიდან როცა მოუწია წამოსვლა, სახლში ელოდება შშმ პირი დედა და ღრმად მოხუცებული შშმ პირი ბებია, რომელთა ერთადერთი მარჩენალი და მომვლელი ირაკლი იყო… ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ ირაკლი შეგეცოდოთ, არავის შესაცოდებელი არაფერი არ ჭირს, უბრალოდ მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა ხელისუფლების ნებას გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას,” – განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
