სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა – ამას შიო მუჯირის მხარდამჭერთა შეშფოთება მოყვა, რადგან ეს მათ მინიმუმ ორი ან სამი ადამიანის ხმას გამოაკლებდა – ინფორმაციას “ფორმულა” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსაყდრე შიოს მხარდამჭერებმა მიტროპოლიტ ანდრიას “გარკვეულ ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, სხდომაზე ითქვა, რომ ამ ამბავს “ჟურნალისტები გამოქექავდნენ” და ეკლესიას რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. სინოდის წევრთა ნაწილმა ეს მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მიმართ ღია მუქარად აღიქვა. საბოლოოდ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა უარი თქვა საპატრიარქო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე.
28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხონის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. ერთ-ერთ მათგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევენ. ოფიციალურად უცნობია კონკრეტული თარიღი, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კრება 17 მაისამდე უნდა ჩატარდეს.
