გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – “ტვ პირველის” ინფორმაციით, ნია იმნაძე, სკოლის მოსწავლე, რომელიც მოკლული მასწავლებლის საქმის მთავარი ფიგურანტია, სასამართლოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოტივით არ გამოცხადდა.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს ცნობებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ეკა კუპატაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ექიმი, რომელიც ნია იმნაძეს არასწორ დასკვნას მისცემს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
“დღეს სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო ნია იმნაძე, მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს რაღაც ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ეშინიათ ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე არ შემოაკვდეთ ხელში, ან უფრო მეტიც, არ მოკლას კუპატაძეებმა და ავალიანებმა, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მაგრამ მას აქვს ყოველგვარი მცდელობა და ვიცი, რომ რაღაც ცნობებს აგროვებს.
ყველა ექიმი, ვინც არასწორ დასკვნას მისცემს ნია იმნაძეს, ყველა აგებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს. ყველაფერს მოახერხებს ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, რომ ნია იმნაძე არ მოიყვანოს სასამართლო პროცესამდე. არაუშავს, ეკა კუპატაძეს აქვს გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, გეგმა “გ” და ყველა გეგმა ა-დან ჰ-მდე გაშიფრული. ვერ დამისხლტება ხელიდან, მთვარეზე რომ გაიყვანონ, იქაც მივაგნებ,” – ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს დღეს გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულს შეუტყობინებლობის ეპიზოდი უნდა განეხილა. თუმცა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოში ბრალდებულების ეტაპირება ვერ შეძლეს.
შემდეგი სხდომა ხუთშაბათს, 30 აპრილს გაიმართება, სადაც მოსამართლე ნია იმნაძის დისტანციურას ჩართვაზე იმსჯელებს.
