ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა, რა ხდებოდა კრებაზე.
მისი თქმით, 20 ხმით უპირატესობა ჰქონდა მეუფე შიოს. კითხვაზე – შეინარჩუნებს, თუ არა პატრიარქის მოსაყდრე ამ ხმებს უკვე გაფართოებულ სხომაზე მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ “მეუფე შიომ შესაძლოა უფრო მეტი მხარდაჭერაც კი მიიღოს”.
მედიის წარმომადგენლებმა სასულიერო პირს ჰკითხეს, თუ როგორ გადანაწილდა დარჩენილი 4 მღვდელმთავრის ხმა – (20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, 7-7 ხმა კი მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რაც ჯამში 34 ხმაა, სინოდის კრებას კი 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა).
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ “ვიღაცამ შეიკავა თავი, დანარჩენი ხმები ძირითადად სხვა კანდიდატებმა მიიღეს”.
დამაზუსტებელ კითხვაზე – ანუ გამოდის, რომ სინდოის სხდომაზე იყვნენ მღდელმთავრები, რომლებმაც დღეს პოზიცია არ დააფიქსირეს, მეუფემ ასე უპასუხა: “თავის შეკავებაც პოზიციის დაფიქსირებაა”.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ასევე მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ გაფართოებული კრება, სადაც მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიონ, 17 მაისის შემდეგ ჩაინიშნოს.
მისივე თქმით, “დღეს უკვე ცხადი გახდა, როგორია ღვთის ნება”.
დღეს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია:
ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
ანდრია ჯაღმაიძემ მედიას უთხრა, რომ მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებისგან 20 ხმა, მიტროპოლოტმა იობმა 7, ხოლო მეუფე გრიგოლმა 7 ხმა მიიღო.
ამასთან, დეკანოზის განცხადებით ირკვევა, რომ სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.
