რუსული მედიის ინფორმაციით, ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა, რომელიც იძებნება, საქართველოში ცხოვრობს.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ელენა ხახალევას ადვოკატ იაროსლავ კრასნოშჩოკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა სკანდალში 2017 წელს გაეხვა, მისი ქალიშვილის ძვირადღირებული ქორწილის შემდეგ, რომელიც 2 მილიონი დოლარი დაჯდა. სკანდალის შემდეგ ხახალევა რუსეთში “ოქროს მოსამართლის” სახელით გახდა ცნობილი.
ყოფილ მოსამართლეს ელენა ხახალევას თაღლითობისთვის ბრალი 2021 წელს წაუყენეს, რის შემდეგაც მან რუსეთი დატოვა. 2022 წელს როსტოვის ოლქის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გამოძიების განცხადებით, ხახალევა 2016-2019 წლებში სამსახურში 127 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა, ხოლო თანამშრომლების მოტყუებით, რომლებიც სამუშაო საათებს აღრიცხავდნენ, მან უკანონოდ მილიონზე მეტი რუბლი მიიღო. 2025 წლის იანვარში ხახალევა აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ბაქოს სასამართლომ მისი ექსტრადიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვს კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხახალევას და მისი ნათესავების აქტივების სახელმწიფოს მიერ კონფისკაციას.
