ფარცხალაძის მოთხოვნით რუსეთში დაწყებული გამოძიება დღეს ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე, განხილვის მთავარი თემა იყო. ლევან ჯანგველაძის გარემოცვის წევრები, რომლებმაც ჩვენება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მისცეს, ადვოკატებმა ანგარებით ჩადენილ დანაშაულში მოსამართლის წინაშე ამხილეს. გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა თქვა, რომ რუსულ გამოძიებასთან ილია მიკულსკიმ მიქაძეების და ჯოხაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება უარყო და თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს არც კი იცნობდა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ჩვენება რუსთის ორმა მოქალაქემ მისცა. ერთ-ერთმა როზა ნარცისოვამ შაბათს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყვება, რომ რუსეთში ამ ჩვენების გამო ტერორის მსხვერპლი გახდა, მათ ფარცხალაძემ უჩივლა, რის გამოც მოსკოვის პოლიციაში მიიყვანეს დააშინეს და ციხით ემუქრებოდნენ.
ილია მიკულსკის ჩვენება რუსულმა გამოძიებამ რომ სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად მიიღო, ამას ვიდეომიმართვაც ადასტურებს. როზა ნარცისოვა უპრეცედენტო ტერორზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მოწმეებს, ოთარ ფარცხალაძის დავალებით მოუწყვეს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ რუსი გამომძიებლების მიერ გადაღებულ ვიდეომიმართვაში ფაქტობრივი უზუსტობებიც არის.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას მოწმეთა ჩვენებების გარდა, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები აქვს, თუმცა მათი ერთობლიობა ადვოკატების თქმით გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი არ არის. მტკიცებულებები ირიბია და მძიმე კვალიფიკაციის დანაშაულს ვერ ამტკიცებს.
