ფასების შემსწავლელი კომისიის მომდევნო სხდომის თარიღი ცნობილია. 30 აპრილს 12 საათზე ფასების შემსწავლელი კომისია ნავთობიმპორტიორებს მოუსმენს – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
წესით, ხუთშაბათს წილოსანი – ბერეკაშვილის კომისიას შემაჯამებელი სხდომა უნდა ჰქონოდა, სადაც საზოგადოებას მუშაობის შედეგებს გააცნობდნენ. ამის მიუხედავად, დღეს შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, რის შემდეგაც დოკუმენტს გაასაჯარებენ.
“გვექნება შეხვედრა საწვავთან დაკავშირებით კომისიის ფარგლებში, ფასების შესწავლასთან დაკავშირებით, გვეყოლება წამყვანი კომპანიები და ეს იქნება სექტორების შესწავლის და შემაჯამებელი შეხვედრა, თუმცა კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გვექნება. დასკვნაში ყველაფერს წავიკითხავთ, ძალიან სწორი და მოცულობითი დასკვნა გვექნება”, – თქვა შოათა ბერეკაშვილმა.
დეპუტატი ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ფასების რეგულირება ბიზნესში უხეში ჩარევის გზით არ განიხილება და ყურადღება გამახვილებულია კონკურენციის წესების დაცვასა და შესაბამისი მექანიზმების მოძიებაზე.
პარლამენტში დღეს მედიას ასევე უთხრეს, რომ ამ საკითხებზე მალე თავად ირაკლი კობახიძე ისაუბრებს.
“ჩვენ იმისთვის, რომ მომხმარებლების ამ პრობლემას ვუპასუხოთ, ვერაფრით ვერ წავალთ გზით, რაც გულისხმობს ბიზნესში უხეშ ჩარევას. ამიტომ არაჯანსაღი კონკურენცია, დანაშაულის ნიშნები და რაიმე რესურსი, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ან კანონში შესატანი ცვლილებით, ან რაიმე რეგულაციით, ან სხვა ფორმებით გამოგვეწვია საბოლოოს ფსების კორექტირება, ეს რესურსები უნდა აღმოგვეჩინა.
მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ალბათ ამ პროცესში ჩემთვის მიმართულების მიმცემი არის ევროდირექტივა, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის წესებს აწესებს, ამავდროულად, იცით, რომ ბევრი მიმართულებით მიდის მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს, საბოლოო ჯამში, შეაჯამებს პრემიერ-მინისტრი, ვისი ინიციატივაც იყო ეს, – ამბობს წილოსანი.
“ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილი ამტკიცებს, რომ დროებითი კომისია შედეგს აუცილებლად დადებს, მეორე ნაწილი კი კითხვას თავს არიდებს და ამბობს, რომ “კომისიის წევრი არ არის” და შესაბამისად, არც პასუხის გაცემის კომპეტენცია აქვს.
