ბოლო თვეების განმავლობაში, 30-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი – „ციკადა“ გავრცელდა. არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი და რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.
“სიმპტომებში სიახლე არ გვაქვს. ახასიათებს ის სიმპტომები, რაც ახასიათებს ომიკრონის სხვა ქვეშტამებს – ეს არის ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, სისუსტე, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა იყოს სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს არის ზოგადი სიმპტომები, რაც აქვს რესპირატორულ ინფექციებს და მათ შორის ომიკრონის ქვეშტამებს, ამიტომ ახალი ქვეშტამი რაიმე ახალი სიმპტომებით ამ ეტაპზე არ გამოირჩევა.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობასაც, არის იგივე. ანუ ახასიათებს ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანება და იშვიათად ახასიათებს ფილტვების ან ბრონქების ანთების განვითარება. თუმცა რისკჯგუფებში, როგორიც არიან ქრონიკული დაავადებებისა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები, ამ კატეგორიაში, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული გართულებების რისკი და ამიტომ, აუცილებელია, ასეთ დროს დროულად მიმართონ ექიმს.
ასევე ცალკე გამოსაყოფია ბავშვთა კონტიგენტი, რადგან ამ ეტაპზე არსებული კვლევებით ბავშვებში შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება ეს დაავადება, ანუ ამ ახალი შტამით გამოწვეული ეფექტი. თუმცა რაიმე მძიმე კლინიკური მახასიათებელი ბავშვთა ასაკში არ გვხვდება. ბავშვებშიც გვაქვს ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე. ნაკლებად არის გართულებები, თუმცა ბავშვებშიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ვინც არიან რისკჯგუფებში, როგორც ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის დროს, მათზე მეტად გამახვილდეს ყურადღება და დროულად მოხდეს მიმართვიანობა კლინიკაში.
თუ სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს და რისკჯგუფებში აუცილებელია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “მეტრონომთან”.
