ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება მხოლოდ ფანტაზიის სფეროა.
“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო. არავითარი შემხებლობა სპეცსამსახურებს და ფასების კომისიას ფასწარმოქმნასთან არ გააჩნია, ვერც ექნება. ფასებს არეგულირებს ღია ეკონომიკის პირობებში მოთხოვნა-მიწოდება. უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში მიწოდება გაზრდილიყო და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეგრძნო ფასების მერყეობა.
შესაბამისად, აქედან არცერთი არ არის დალაგებული: დავუშვათ ის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს ძლიერი და პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, რის შედეგადაც მივიღებდით დაბალ ფასს; ასევე მეორე მიმართულება – ის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის შესაბამისად დასაქმებული და შემოსავლების დონე დაბალია.
ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ამ ყველაფერს [ფასები შემცირებას] მოკლევადიან პერიოდში შევძლებთ, ფანტაზიის სფეროა და მეტი არაფერი“ – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „პალიტრანიუსთან”.
მაღალ ფასებთან დაკავშირებით, კობახიძემ განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო, შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც, რომელმაც ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა.
მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს. კომისიის ფარგლებში მოუსმინეს ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებსაც, როგორც მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს, ისე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს.კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. კობახიძის განცხადებით, კომისიის დასკვნები და გეგმა მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
