რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქრისტინა კოპალიანმა ოთხწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ გამოაცხადა.
საქმე 32 წლის აიკანუზ ბაბერციანის მკვლელობას ეხება, რომელიც წალკაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
გარდაცვლილის ოჯახი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს. მოკლულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა გავლენიანი პირების ჩარევით ჩაიფარცხა.
ოჯახი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
“მინდა, რომ დაისაჯონ ვისაც ჩემი შვილის სისხლში აქვს ხელები გასვრილი. არ მინდა, თავისუფლად და თან ჩემს თვალწინ გადაადგილდებოდნენ. დაზარალებულ მშობლებს აქეთ დაგვცინოდნენ სასამართლო პროცესზე, თან ხმამაღლა. სოფელში რომ დაგვინახავენ, გვემუქრებიან, გახსოვდეთ, რომ მეორე შვილი გყავთ და იმასაც მოგიკლავთო”, – ამბობს მოკლულის დედა.
აიკანუზ ბაბერციანის მამა მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ დამნაშავეები მათ ოჯახს ახლაც ემუქრებან.
“4 წელი მიდიოდა სასამართლო პროცესები. 4 წელი პროკურატურა მტკიცებულებების შეგროვებას მოუნდა. ჩვენი ძალებით შეგროვდა ის, რაც შეგროვდა – დნმ-ის ნიმუშები, სისხლის კვალი, კადრები, ექსპერტიზის დაგვიანებული დასკვნა – ყველაფერი ჩაიდო ბოლოს საქმეში, მაგრამ მკვლელები გამართლდნენ, გესმით? საერთოდ გამართლდნენ. ჩემი შვილი ფულის გამო ჯერ სასტიკად სცემეს, შემოაკვდათ, მერე გადამალეს ცხედარი, მხეცებს დააგლეჯინეს. 8 თვე ვეძებდით და ძვლები ვიპოვეთ. თანხა უნდოდათ მკვლელებს. აიკანოზი ფულს აპროცენტებდა, ერთ-ერთს მისი ვალი ჰქონდა და კიდევ სთხოვდა დიდი ფულის სესხებას. უარი რომ მიიღო, შური იძია ჩემს შვილზე თანამზრახველებთან ერთად. ახლა სოფელში დაბრუნდა და თვალებში გვიყურებენ და კიდევ გვემუქრებიან” – ამბობს მოკლულის მამა.
სასტიკი მკვლელობა 2022 წელს მოხდა. 32 წლის კაცი პანაშვიდზე იმყოფებოდა, როდესაც სამმა თანასოფლელმა გაიტაცა. გამტაცებლები ფულს ითხოვდნენ, რის შემდეგაც კაცი მოკლეს, ცხედარი კი ტყეში გადამალეს.
პოლიცია გარდაცვლილს 10 დღის განმავლობაში ეძებდა, თუმცა ვერ იპოვა. კაცს 8 თვის შემდეგ ადგილობრივებმა მიაგნეს.
