თბილისში 37 წლის ტურისტის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული და მსხვერპლი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათი კონტაქტი სოციალურ ქსელში შედგა, რის შემდეგაც კაცმა ირადა გულიევასთან შეხვედრა გადაწყვიტა.
პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული ივერი ელიავა თამაშდამოკიდებული იყო, რის გამოც დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, სწორედ თანხის დაუფლების მიზნით გადაწყვიტა მან 37 წლის ქალის მოკვლა.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, თავდაპირველად ბრალდებულმა დანაშაული თავად აღიარა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.
“ივერი ელიავა თავს დაესხა აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონს ირადა გულიევას და მას მრავლობითი ხასიათის დაზიანებები მიაყენა კისრისა და ყელის არეში დანის გამოყენებით, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული გამოცხადდა პოლიციის უახლოეს განყოფილებაში ბრალის აღიარებით. მან წარმოადგინა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი – დანა, ასევე მოკლულის მობილური ტელეფონები და მისივე პასპორტი. სწორედ აღნიშნული პასპორტიდან გამომდინარე, დავადგინეთ მოკლულის ვინაობა, რომელიც იყო აზერბაიჯანის მოქალაქე ირადა გულიევა.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებული განმარტავს ბრალის აღიარებით ჩვენებისას, რომ მან აღნიშნული ქალბატონი მოკლა იმის გამო, რომ მისგან უნდოდა კუთვნილი თანხის დაუფლება.
მოგეხსენებათ, ბრალდებული არის თამაშდამოკიდებული პირი, მას ჰქონდა დიდი ფინანსური პრობლემები, ბანკის სოლიდური ვალი, არ ჰქონდა არანაირი მატერიალური შემოსავალი და როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ მავნე ჩვევებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ხასიათის სასტიკი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ. საიტზე გაიცნო აღნიშნული ქალბატონი ბრალდებულმა, დაუკავშირდა მას მობილურის საშუალებით და გადაწყვიტა მასთან შეხვედრა. ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მოუყვა გამოძიებას ყველაფერი, თუმცა დღეს უკვე, სასამართლო პროცესზე მან შეცვალა პოზიცია, გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ის ბრალდებას აღარ აღიარებს, – ამბობს პროკურორი.
წაყენებულ ბრალს ადვოკატი არ ეთანხმება. დაცვის მხარე ამბობს, რომ მკვლელობის მოტივი გასარკვევია და ამ მიზნით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.
“მოხდა მკვლელობა, მაგრამ უბრალოდ, გასარკვევია მიზეზი რა იყო დანაშაულის ჩადენის. ამ მოტივთან დაკავშირებით არის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი. მაქსიმალურად დაუმძიმა სიტუაცია პროკურატურამ, 109 მუხლი წაუყენეს და ედავებიან, თითქოს ამან რაღაც სარგებლობის მიზნით ჩაიდინა ეს დანაშაული, მაგრამ თანხა ადგილზე იყო, ათი ათას ლარამდე იყო ადგილზე. მათ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით. იქ, ადგილზე მოხდა კამათი და ჩხუბი. დეტალებს ვერ გეტყვით”, – ამბობს ზაზზა ბუაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მგალობლიშვილის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. 37 წლის ირადა გულიევა თბილისში ტურისტული მიზნით იყო ჩამოსული და ბინა იქირავა.
წყარო
