2026–2027 სასწავლო წლისთვის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის შეკერვის მიზნით გამოცხადებული ბაზრის კვლევის შედეგად, 5 პრეტენდენტი კომპანია გამოვლინდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის მიმდინარეობს აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
„სასკოლო ფორმების შეკერვის უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადებული ბაზრის კვლევის შედეგად, 5 პრეტენდენტი კომპანია გამოვლინდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, რომლითაც ვაზუსტებთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობას. შემდეგი ეტაპი მოიცავს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ მოთხოვნილ, წარმოსადგენ დოკუმენტაციებში, ამ კომპანიების მხრიდან შეუსაბამობების გასწორება-დაზუსტებას, რის შემდეგაც ხელშეკრულებას გავაფორმებთ იმ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს ბაზრის კვლევაში მითითებულ ყველა მოთხოვნასა და პირობებს. არჩევანს გავაკეთებთ მათ შორის, იმ კომპანიაზე, რომელსაც ჩვენ მიერ მოთხოვნილ პროდუქტზე ექნება ყველაზე დაბალი ფასი“, – განაცხადეს სამინისტროში.
ცნობისთვის, 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის ბაზრის კვლევა განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 3 აპრილს გამოაცხადა და 22 აპრილს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა.
სასკოლო ფორმის შეკერვა, გამონაკლისი კატეგორიის ოჯახების გარდა, თავად მოსწავლეთა მშობლებს მოუწევთ. განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, ფორმის დამზადების საფასური 100 ლარამდე იქნება.
