თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მისი განაჩენით ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
გიორგი ხაინდრავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ვასილ მხეიძეს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ცნობილი საგნები.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
ვიდრე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მოსამართლე ხუსკივაძემ ღუდუშაურს კითხვებით მიმართა. ის სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და განაცხადა, რომ აღიარებდა დანაშაულს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ყადაღა მოეხსნა მის ქონებას.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.
ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
