Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“წარმოუდგენელია, გქონდეს განზრახვა, ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის სასახლე და გდდ-ს თანამშრომლებთან დასაპირისპირებლად ხელცარიელი, ხელიხელგადახვეული მურთაზ ზოდელავასთან ერთად შეხვიდე” – ირაკლი ნადირაძის ადვოკატი

April 23, 2026
“წარმოუდგენელია, გქონდეს განზრახვა, ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის სასახლე და გდდ-ს თანამშრომლებთან დასაპირისპირებლად ხელცარიელი, ხელიხელგადახვეული მურთაზ ზოდელავასთან ერთად შეხვიდე” – ირაკლი ნადირაძის ადვოკატი

ირაკლი ნადირაძის ყველა სადავო განცხადება პირდაპირ მიუთითებს მოქმედების მშვიდობიან ხასიათზე და ყველა განცხადება, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მიემართება, ხაზგასმით მშვიდობიან ფორმაზე აპელირებითაა გაკეთებული. სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნებისთვის რელევანტურია არა მიზანი „ხელისუფლების შეცვლა“, არამედ მეთოდი „ძალადობრივი თუ მშვიდობიანი“ – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თუ განცხადებები, რომლებსაც ირაკლი ნადირაძე 13 სექტემბრის შემდეგ აკეთებდა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, მაშინ რატომ არ მოხდა მისთვის ბრალის წაყენება 4 ოქტომბრამდე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსგავსი განცხადებების გამო, ბრალი ლევან ხაბეიშვილს სწორედ 13 სექტემბერს წარედგინა“.

ადვოკატის თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეფასდეს და მისი სამართლებრივი ანალიზი უნდა განხორციელდეს „იმ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და ეს პოლიტიკური კონტექსტი პირდაპირ იურიდიულ კავშირშია განსახილველ საქმესთან“.

„კერძოდ, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ მოვლენები, რომლებიც მოჰყვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რომლის დროსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მათ შორის OSCE/ODIHR-მა, გამოავლინეს სისტემური ხარვეზები, რომლებიც გავლენას ახდენენ საარჩევნო პროცესის თანასწორობაზე, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, არათანაბარი მონაწილეობის პირობები პოლიტიკური პარტიებისთვის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა და ა.შ. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-ის 2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ შეფასდა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ასეთ დასკვნას არა მხოლოდ პოლიტიკური წონა აქვს, არამედ აშკარა იურიდიული შედეგებიც აქვს, რადგან ისინი მიუთითებენ საარჩევნო კონკურენციის თანასწორობის, ხმის მიცემის პროცესის კანონიერების, ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ამომრჩევლების თავისუფლების ნაკლოვანებებზე, ჩამოაყალიბონ და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება არასათანადო გავლენისა და იძულების გარეშე. ამ ვითარებაში, სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აბსოლუტურად გონივრული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დამკვირვებლების მსგავს კრიტიკულ დასკვნას მოჰყვა ძალიან მკაფიო, რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგები, როგორც ხედავთ, აღიარებული არ იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ე.წ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომლითაც აშკარად და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნების შესაბამისად საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესახებ. კერძოდ, მისი განცხადებით: 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დადგებოდა ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ნების უგულებელყოფასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებულად გამოცხადებას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების აქტიური და მწვავე პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში უკვე 500 დღეზე მეტი ხანია. ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან, უშუალოდ მისი წარმომადგენლების (ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან) ან მათგან აშკარად წახალისებული არაფორმალური ჯგუფების (ტიტუშკების) მიერ ჩადენილი იქნა არაერთი ძალადობრივი თავდასხმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლის შედეგად ასეულობით მოქალაქე გახდა წამების მსხვერპლი, მათ შორის უკვე პოლიციის მხრიდან მათი დაკავების შემდეგ, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა. აღნიშნული დანაშაულებებიდან არცერთი დღემდე გამოძიებული არ არის. სახელმწიფომ დაიწყო ასევე ე.წ. საკანონმდებლო რეპრესიებიც, რომლის დროსაც უკიდურესად გამკაცრდა პასუხისმგებლობა მოქალაქეების მხრიდან თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაზღუდად (გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა, შემოღებული იქნა უალტერნატივოდ პატიმრობა შეკრების ჩატარების წესების დარღვევისთვის, დანაშაულად გამოცხადდა შეკრების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევა და ასე შემდეგ).

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის, ქვეყნის ინტერესების უხეშად დარღვევისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ გატარებული აშკარად რეპრესიული, დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო საზოგადოებამ დაიწყო პერსონალური სანქციების დაწესება ე.წ. თანამდებობის პირების მიმართ, კერძოდ, დასანქცირდნენ ე.წ დეპუტატები, ე.წ მინისტრები, სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები და სხვა პირები. მათ შორის გამოვყოფდი, 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული გარემო კიდევ უფრო მძაფრდება იმ ფაქტით, რომ პრაქტიკულად უკონტროლოდ ხორციელდება ძალადობის შემთხვევები უცნობი მამაკაცების ჯგუფების მიერ, რომლებიც პერიოდულად თავს ესხმიან ხელისუფლების კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარა დაუსჯელობის პირობებში. ეს გარემო ასევე განპირობებულია ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან აგრესიული და სტიგმატიზებული რიტორიკით.

საკუთარი მიტაცებული ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა ფაქტობრივად თავად ,,ქართულმა ოცნებამაც” აღიარა, როდესაც თანამდებობის პირების ხელისუფლება და აღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა (სსკ-ის 3161 მუხლი) და ფაქტობრივად საზოგადოებას განუცხადა, მაღიარეთ თუ არა დაგიჭერთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში პირდაპირ მითითებულია აჯანყებაც კი, როგორც უკანასკნელი საშუალება ტირანიისადა ჩაგვრის წინააღმდეგ.

ხოლო რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ ირაკლი ნადირაძემ და ბრალდებულებმა აღიარეს, რომ თავად აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას, აბესაძის თქმით, „აშკარა ტყუილია“, რადგან საქმეზე გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებიდან აშკარად ჩანს, რომ იქ მდგომი ადამიანები საუბრობენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებაზე

„ასეთ დროს ნებისმიერი მოქალაქის არათუ უფლება, მე ვიტყოდი ვალდებულებაცაა იმოქმედოს იმისათვის, რომ ქვეყანაში აღდგეს კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შესაბამისად, ხელისუფლების წყარო იყოს ხალხი. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში პირდაპირ მითითებულია აჯანყებაც კი, როგორც უკანასკნელი საშუალება ტირანიისადა ჩაგვრის წინააღმდეგ. ამ ვითარებაში, სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აშკარად გონივრული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სწორედ ეს კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენების შეფასებისას, რადგან ის წარმოშობს დასაბუთებულ რისკს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმები გამოყენებულ იქნას ისე, რომ შეზღუდოს ან დაისაჯოს პოლიტიკური გამოხატვა. ეს კი სასამართლოს აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არ დაუშვას სისხლის სამართლის ნორმების გაფართოებული, თვითნებური და პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან.

რაც შეეხება ბრალდების სამართლებრივ ჩარჩოსა და საქმეში არსებული მტკიცებულებებს: ბრალდება ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და და 317-ე მუხლი. ამ უმძიმესი ბრალდებების მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთების ნაცვლად სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ საქმის ზოგადი მიმოხილვა, აშკარად ფაქტობრივი ტყუილები და სამართლებრივად მცირე და იმავდროულად მცდარი ანალიზი. კერძოდ, პროკურორის განცხადებით: ირაკლი ნადირაძემ და ბრალდებულებმა აღიარეს, რომ თავად აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას – ეს აშკარა ტყუილია, რადგან საქმეზე გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებიდან აშკარად ჩანს, რომ იქ მდგომი ადამიანები საუბრობენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებაზე (მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ნადირაძე არც მშვიდობიანი აქციის ორგანიზებაში ყოფილა ჩართული) და არანაირ აღიარებას ადგილი არ აქვს. უფრო მეტიც, საქმის გამომძიებელმა, კონსტანტინე კერესელიძემ, სასამართლოში დაკითხვისას პირდაპირ დაადასტურა, რომ აღნიშნული ვიდეო არაფერს დანაშაულებრივს არ ასახავს.

ჯგუფური ძალადობის მონაწილეები წვავდნენ დაანგრევდნენ სხვადასხვა ქონებას – ეს განცხადება პროკურორმა გააკეთა იმგვარ კონტექსტში თითქოს ირაკლი ნადირაძე მონაწილეობდა მსგავს ქმედებებში, რაც ასევე აშკარა ტყუილია და შესაბამისი მტკიცებულებები არც არის საქმეში წარმოდგენილი.

სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა – ეს განცხადებაც პროკურორმა გააკეთა იმგვარ კონტექსტში თითქოს ირაკლი ნადირაძე მონაწილეობდა მსგავს ქმედებებში, რაც ასევე აშკარა ტყუილია და შესაბამისი მტკიცებულებები არც არის საქმეში წარმოდგენილი.

ორგანიზების მტკიცებულებებზე საუბრისას პროკურორმა ფაქტობრივად მხოლოდ ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებები დაასახელა – ეს საჯარო განცხადებები მათი შინაარსიდან გამომდინარე კი ნამდვილად შეუძლებელია განვიხილოთ დანაშაულის ორგანიზებად (მათ დეტალურად მიმოვიხილავ ქვემოთ).

ირაკლი ნადირაძემ დაკითხვისას არ უარყო აქციის ორგანიზება – ეს განცხადება ფაქტობრივი თვალსაზრისით ტყუილია, რადგან ირაკლი ნადირაძემ ცალსახად განაცხადა, რომ ის არც ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობდა, მან უბრალოდ რამდენიმე ეთერში ისაუბრა და მოუწოდა ხალხს აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ, რასაც იმ პერიოდში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების უმრავლესობა აკეთებდა. და მეორე, რომც დაედასტურებინა აქციის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, რა კავშირი აქვს ამას შემდგომში განვითარებულ მოვლენებთან და იმ ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც აქციის დროს მოხდა?!

ვიდეოშია ასახული რას აკეთებდნენ ბრალდებულები, კერძოდ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მოუწოდებდნენ სასახლის ეზოში შესვლისკენ – საუბარია ვიდეოზე, რომელზედაც არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და საეჭვოა მასზე მართლაც ირაკლი ნადირაძეა თუ არა (მიუხედავად პროკურორის დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ტყუილისა, რომ ყველა ვიდეოზე, რომელშიც ბრალდებულები ჩანან, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა). თუმცა, რომც ჩავთვალოთ, რომ ვიდეოზე ირაკლი ნადირაძეა ასახული, მისი მოქმედების შეფასება, რომ ის ვინმეს მოუწოდებს სასახლის ეზოში შეჭრისკენ მხოლოდ პროკურორის ფანტაზიის ნაყოფია, მაგალითად, თავად ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როდესაც დაინახა პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო გადავარდნილი, თავისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, იქვე ივარაუდა, რომ რაღაც პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და ტელევიზიების ოპერატორებს მოუწოდა ახლოდან და კარგად გადაეღოთ, რა ხდებოდა იქ. შესაძლებელია სულაც ეს იყოს ასახული ვიდეოზე ან კიდევ სულ სხვა გარემოება, რაც მარჩიელობაა პროკურატურის მხრიდან და მტკიცებულებად არ გამოადგება სასამართლოს.

აქ ისმის ერთი შეკითხვა, რომელი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებადაა საქმეში წარმოდგენილი ეს ვიდეოჩანაწერი? და ეს კითხვა ჩნდება იმ ბუნდოვანი დასკვნითი სიტყვის გამო, სადაც პროკურორმა მიზანმიმართულად არ გამოკვეთა რომელი მტკიცებულება, რომელ ბრალს ადასტურებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ვთქვათ, დავეთანხმეთ პროკურორს მის ინტერპრეტაციაში, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ირაკლი ნადირაძე პრეზიდენტის სასახლის წინ ცდილობს და სხვებსაც მოუწოდებს, რომ შეიჭრან სასახლის ეზოში – ამ ქმედებისთვის, ხომ პროკურატურას უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება 222-ე მუხლით, თითქოს ირაკლი ნადირაძე ცდილობდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და ამ ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება (პროკურატურის ინტერპრეტაციით) როგორ შეიძლება იმავდროულად იყოს 225-ე მუხლით ბრალის წარდგენის საფუძველი?

აქციის შემდგომ განცხადებებში ირაკლი ნადირაძე უთითებს, რომ უნდა გააგრძელონ ეს მოქმედებები – ამ განცხადებით პროკურორი საკუთარ დამახინჯებულ პოლიტიკურ ინტერპრეტაციას სასამართლოს სთავაზობს უმძიმესი დანაშაულის მტკიცებულებად. სინამდვილეში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შესაბამის ვიდეოში ნადირაძე საუბრობს აქციის გაგრძელების აუცილებლობაზე, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციაა და არა დანაშაული.

განცხადებების ნაწილზე უკიდურესად პოლიტიკურად მიკერძოებულ პროკურატურასაც კი გაუჭირდა ისეთი ინტერპრეტაციის მიცემა, რომ რომელიმე წაყენებული ბრალდების მტკიცებულებად გამოსადგომი ყოფილიყო, ხოლო განცხადებების ნაწილის შემთხვევაში, გამომძიებელი და პროკურორი განზრახ ამახინჯებენ ირაკლი ნადირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და საკუთარ სუბიექტურ შეხედულებებს ,,აჩეჩებენ“ სასამართლოს მტკიცებულებებად.

ხაზგასასმელია, რომ ლევან ფირცხალაიშვილის და ზურაბ ცეცხლაძის ჩვენებები იდენტურია, სიტყვასიტყვით გადაწერილი და შეუძლებელია, ეს იყოს მათი კარნახით და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი გამოკითხვის ოქმები. შესაბამისად, მათი მტკიცებულებად გაზიარება შეუძლებელია და მათზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უკანონობა იქნებოდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ პროკურატურამ უარი განაცხადა აღნიშნული პირები სასამართლოს წინაშე წარედგინა ჩვენების მისაცემად.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც, როგორც ხედავთ ძირითადად პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, აშკარად არასანდო მოწმეების მიერ გამოკითხვისას მიცემული სიტყვა-სიტყვით იდენტური ინფორმაცია და ვიდეო კადრებია, რომელსაც საკუთარ სუბიექტურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ განმარტებებს უკეთებს ბრალდების მხარე, ისე რომ მათი მოსაზრებების გამამყარებელი სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ასევე, საქმეში მასალები ვერ ადასტურებს ორგანიზებული ჯგუფის არსებობას იმ მნიშვნელობით, რასაც მოითხოვს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი.

ადვოკატის შეფასებით, „უმძიმეს დანაშაულში“ ბრალდება ძირითადად ეფუძნება ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებებს, რომლებიც რეალურად ეხება მშვიდობიან პროტესტს და პოლიტიკური ცვლილების აუცილებლობას.

„რაც შეეხება 225-ე მუხლის პირველ ნაწილს: ორგანიზებული ჯგუფისა და კოორდინაციის არარსებობა. საქმის მასალები ვერ ადასტურებს ორგანიზებული ჯგუფის არსებობას იმ მნიშვნელობით, რასაც მოითხოვს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე საერთაშორისო სამართალი (პალერმოს კონვენცია). არ არსებობს არც სტრუქტურა, არც წინასწარი შეთანხმება, არც როლების განაწილება და არც კოორდინირებული მოქმედება, მითუმეტეს არ არსებობს ფინანსური ან სხვაგვარი მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვა. პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის ორგანიზების რომელიმე კომპონენტს დაადასტურებდა. და პირიქით, მოწმეები (მათ შორის, სამართალდამცველები, იხ. ლაშა ჯუღელის სასამართლოსთვის 11 თებერვალს მიცემული ჩვენება, ნინო ჯიოშვილის სასამართლოსთვის 26 თებერვალს მიცემული) თავიანთ ჩვენებებში პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ არ დაუნახავთ ორგანიზების ნიშნები, ხოლო პროცესში მონაწილე პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად.

ამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდება ძირითადად ეფუძნება ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებებს, რომლებიც რეალურად ეხება მშვიდობიან პროტესტს და პოლიტიკური ცვლილების აუცილებლობას. დასკვნით სიტყვაშიც პროკურორმა 4 ოქტომბერს მომხდარი რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის წინასწარ ორგანიზების მტკიცებულებად პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დაასახელა. გაუგებარი დარჩა პროკურატურა ამ განცხადებებს ძალადობის ორგანიზებად განიხილავს (მაშინ როდესაც იმავდროულად 317-ე მუხლითაც აქვს დაკვალიფიცირებული, როგორც ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ მოწოდება) თუ საჯარო აღიარებად, რომ ისინი აორგანიზებდნენ დანაშაულს იმ ვიდეოს მსგავსად, სადაც 5 ბრალდებული ჩანს და იმ დღეს გამართული მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას ეხება.

ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებები პირთაგან უსაზღვრელი წრისადმი იყო გაკეთებული და აშკარად არ აკმაყოფილებს დანაშაულის ორგანიზების შემადგენლობის ობიექტურ ნიშნებს. პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართული საჯარო განცხადება თავისი ბუნებით ვერ აკმაყოფილებს დანაშაულის ორგანიზების კრიტერიუმებს, ვინაიდან იგი არ შეიცავს არც კონკრეტული პირების ჩართვას, არც ქმედებების კოორდინაციას და არც როლების განაწილებას. ასეთი განცხადება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ზოგადი პოლიტიკური გამოხატვა ან, უკიდურეს შემთხვევაში, აბსტრაქტული მოწოდება (ამ შემთხვევაში 317-ე მუხლი, რომლითაც ისედაც აქვს ბრალი წაყენებული ირაკლი ნადირაძეს). და აქ ისმის ერთი რიტორიკული შეკითხვა, თუ ეს საჯარო განცხადებები 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ორგანიზებისკენ იყო მიმართული, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, რატომ არ წაეყენათ ბრალი განზრახი მძიმე დანაშაულის მომზადებისთვის 4 ოქტომბრამდე?!

ხოლო თუ პროკურატურა ამ საჯარო განცხადებებს განიხილავს საჯარო აღიარებად, რომ ისინი ახდენდნენ ძალადობის ორგანიზებას, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში ეს ფაქტობრივად იგივე სიტუაციაა, რომ მხოლოდ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ხდებოდეს ბრალდებულების გასამართლება. კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად კი, აღიარებითი ჩვენება არ წარმოადგენს თვითკმარ მტკიცებულებას და ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის ერთადერთი საფუძველი. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამყარებულია დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებს მის არსებით გარემოებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ აღიარებაზე დაფუძნებული განაჩენი ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და უდანაშაულობის პრეზუმფციას.“ თანაც, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი ნადირაძის და სხვების საჯარო განცხადებები სინამდვილეში შეუძლებელია შეფასდეს დანაშაულის აღიარებად და მისი ასე შეთავაზება სასამართლოსთვის პროკურატურის სუბიექტური დამახინჯებული ინტერპრეტაციაა. ამის ნათელი მაგალითია, ირაკლი ნადირაძის განცხადების,,გეგმა ხალხშია”, წარმოჩენა ისე თითქოს მან თქვა, რომ არსებობს დანაშაულის ორგანიზების გეგმა და ის ხალხშია უკვე გავრცელებული. გამოდის, რომ პროკურატურა ამ გეგმას ეძებს პოლიტიკოსის განცხადებებში, მაგრამ არ უძებნია მაგალითად, მის ტელეფონში, პირად თუ სამსახურებრივ კომპიუტერში, მის პირად თუ სამუშაო ოთახებში – რასაც ობიექტური გამოძიებისა და რეალური ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომ რაღაც გეგმა არსებობს – აუცილებლად გააკეთებდა გამომძიებელი. ამ შემთხვევაში კი ნათელია, რომ გამოძიებამაც კარგად იცის, რომ ირაკლი ნადირაძის მხრიდან არანაირი გეგმა არ არსებობს და შესაბამისად, მის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აზრი არ აქვს.

პროკურატურა კი დამდგარი შედეგის (რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის, რაც 225-ე მუხლის შემადგენლობას შეიძლება იძლეოდეს) მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ბრალდებულებისთვის შერაცხვას ცდილობს. არათუ სრულიად დაუორგანიზებელი, წინასწარი კავშირების არ ქონის შემთხვევაში, არამედ მართლაც ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევაშიც კი, სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ორგანიზატორს დაეკისრება პასუხისმგებლობა ჯგუფის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ხოლო 26-ე მუხლი ადგენს ამსრულებლის ექსცესის ინსტიტუტს, როდესაც თანამონაწილეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქმედებისთვის, რომელსაც მისი განზრახვა არ მოიცავდა. ანუ ახლა საქმეში უნდა იდოს ერთი მტკიცებულება მაინც, რომ მსგავს ძალადობრივ ქმედებებს გეგმავდნენ ბრალდებულები წინასწარ.

მსგავსი მსჯელობაა მოცემული საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის მიმართ წარმოდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში. კერძოდ, სახალხო დამცველი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომ სასამართლოს პოზიციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია პირებს გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ. ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირება. სხვა საქმეშიც, მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ბრალდებულების მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობა, ისევე, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა მსჯავრდებულების მხრიდან ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირებისა თუ წინასწარ, ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტი. პირიქით, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი იყო, რომ ისინი სხვა პირებთან ერთად მოქმედებდნენ არა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად, არამედ ჯგუფურად, სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. ამდენად, კანონით, სასამართლოს პრაქტიკითა და სამართლის თეორიის მიხედვით, თანააღმსრულებლობისას აუცილებელია ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობა, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივი განხორციელება (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ამავდროულად, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით, აუცილებელია დადგენილი იყოს ჯგუფის თითოეული წევრის როლი/ ფუნქცია განხორციელებულ ქმედებაში. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი კანონი გამორიცხავს. ზუსტად ამიტომ, პოლიტიკოსების წინააღმდეგ 225-ე მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა მოხვდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაშიც, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს. ნათელია, რომ ეს სამართლებრივი ანალიზი პირდაპირ ასახავს მათ შორის ირაკლი ნადირაძის მიმართ არსებულ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს და გამორიცხავს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს მისი მხრიდან.

ახლა რაც შეეხება მუხლ 222-ს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა – არასწორი ინტერპრეტაცია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ირაკლი ნადირაძემ დროშა შემოხვეულმა, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, რაიმე საგნის/იარაღის გარეშე და მურთაზ ზოდელავასთან ხელიხელ გადახვეულმა მხოლოდ რამდენიმე წამით 2-3 ნაბიჯი გადადგა სასახლის ეზოში (სადაც ღობე საეჭვო გარემოებებში გადანგრეული იქნა მისი სასახლესთან მისვლამდე). ასევე დადასტურებულია, რომ მას არანაირი ძალადობრივი ქმედება, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით არ ჩაუდენია.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი განზრახ დანაშაულია ანუ წინასწარ უნდა ყოფილიყო მიზანი, რომ მომხდარიყო პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მუშაობის პარალიზება. ამის საპირისპიროდ, ცხადია, რომ ირაკლი ნადირაძის ქმედება აშკარად იყო სიმბოლური ხასიათის და პროტესტის გამოხატვის ფორმა. მან თავად განმარტა ჩვენების მიცემისას, რომ როდესაც დაინახა, რომ ღობე იყო გადაქცეული და აქციის რამდენიმე მონაწილე გადასული სასახლის ტერიტორიაზე, მან თავის მორალურ ვალდებულებად აღიქვა თავადაც სიმბოლურად შესულიყო ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, გქონდეს განზრახვა ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის სასახლე და გდდ-ს თანამშრომლებთან დასაპირისპირებლად, (რომელთა დანაშაულებრივი სისასტიკე არაერთხელ გინახავს პირადად) სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ხელცარიელი, უფრო მეტიც ხელიხელ გადახვეული მეორე ადამიანთან, მურთაზ ზოდელავასთან ერთად შეხვიდე (რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს ფიზიკური დაპირისპირების განზრახვის ქონას).“, – განაცხადა აბესაძემ.

ადვოკარის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ირაკლი ნადირაძის ზემოთ აღწერილი ქმედება არ შეიცავს არც ობიექტზე კონტროლის დამყარების, არც მისი ფუნქციონირების შეფერხების და არც რეალური საფრთხის ელემენტებს.

„შესაბამისად, მისი კვალიფიკაცია როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება წარმოადგენს სისხლის სამართლის ნორმის გაფართოებულ და არაპროპორციულ ინტერპრეტაციას. ამასთან, თუ პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები და ბრალდებულების ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაშინ როგორ ახერხებს პროკურატურა, იგივე ქმედებებზე, იგივე მტკიცებულებებით ბრალი წაუყენო ბრალდებულებს 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაც?

რაც შეეხება მუხლ 317-ის არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით პროკურატურა აკვალიფიცირებს ირაკლი ნადირაძის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს გამოთქმას: ,,მშვიდობიანი დამხობა”. აღნიშნული განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრის, პოლიტიკოსის მიერ სრულად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების სფეროში და მისი ობიექტური განმარტება არ აკმაყოფილებს იმ ზღვარს, რომელიც საჭიროა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის სწორი განმარტება პირდაპირ მოითხოვს ძალადობის, როგორც მეთოდის, პროპაგანდას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შესახებ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება პროკურატურას შეიძლება შეეფასებინა, როგორც მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. ირაკლი ნადირაძის ყველა განცხადება კი ხაზგასმით ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან გზას შეეხება, თუნდაც პოლიტიკოსი იყენებდეს ისეთ სიტყვას, როგორიც ,,დამხობაა”.

ამ საკითხის სამართლებრივი ანალიზისთვის გადამწყვეტია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ადგენს პოლიტიკური სიტყვის გაძლიერებულ დაცვას, თუნდაც ის რადიკალური და სისტემური პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნას შეეხებოდეს“, – განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის ძვირფასია, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და მათი აქტიური წევრებისთვის. ისინი წარმოადგენენ თავიანთ ამომრჩეველს, ყურადღებას ამახვილებენ მათ საზრუნავებზე და იცავენ მათ ინტერესებს.

„შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის წევრი პოლიტიკოსის, მაგალითად განმცხადებლის, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა სასამართლოს მხრიდან უმკაცრეს შემოწმებას მოითხოვს. ანუ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩამოაყალიბა მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტი: შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც უშუალოდ გამოხატვა იწვევს ძალადობას. ირაკლი ნადირაძის ყველა სადავო განცხადება კი პირდაპირ მიუთითებს მოქმედების მშვიდობიან ხასიათზე და ყველა განცხადება, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მიემართება ხაზგასმით მშვიდობიან ფორმაზე აპელირებითაა გაკეთებული. ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნებისთვის რელევანტურია არა მიზანი ხელისუფლების შეცვლა, არამედ მეთოდი ძალადობრივი თუ მშვიდობიანი.

პროკურატურა ამ მიმართულებითაც აბსოლუტურად არასწორად აპელირებს იმ რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საღამოს მოხდა. განსახილველ საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომ ირაკლი ნადირაძის განცხადებამ გამოიწვია რომელიმე მათგანი. განცხადებასა (რომელიც ხაზგასმით მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას უთითებდა) და მომხდარ ინციდენტებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა სწორედ პროკურატურის ვალდებულება იყო“, – აღნიშნა აბესაძემ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ „საბოლოოდ, ნათელია, რომ პროკურატურის ამოცანა წმინდად პოლიტიკურია, მოახდინოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ მსგავსი თვითნებობის ,,მსუსხავი ეფექტის” გათვალისწინებით შეიზღუდოს პოლიტიკური ოპონირება“.

„ეს კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, აქვე საინტერესოა და ამ საქმის წმინდად პოლიტიკურ სარჩულს აშკარად წარმოაჩენს რიტორიკული შეკითხვა: თუ განცხადებები, რომლებსაც ირაკლი ნადირაძე 13 სექტემბრის შემდეგ აკეთებდა შეიცავდა 317-ე მუხლით დადგენილი დანაშაულის ნიშნებს, მაშინ რატომ არ მოხდა მისთვის ბრალის წაყენება 4 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც მსგავსი განცხადებების გამო 317-ე მუხლით ბრალი ლევან ხაბეიშვილს სწორედ 13 სექტემბერს წარედგინა. საქმის სრული ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდება ეფუძნება ფაქტების ინტერპრეტაციას და არა რეალურ მტკიცებულებებს, ხოლო სისხლის სამართლის ნორმები გამოყენებულია გაფართოებული და თვითნებური ფორმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ვთხოვთ, გამოიტანოს გადაწყვეტილება ბრალდებულის სრულად გამართლების შესახებ“,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბერი ნიკოლოზი ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს
  • ბათუმში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge