ბრიუსელში, ცოტა ხნის წინ, ფოტოგამოფენა სახელწოდებით – “საქართველო ფოკუსში” გაიხსნა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში 2015-დან 2025 წლამდე ევროკავშირის პრიზით დაჯილდოებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებია გამოფენილი.
მედიის ცნობით, ფოტოგამოფენის ცენტრში დამთვალიერებელი შეხვდება სახაროვის პრემიის ლაურეატის, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ფოტოსაც სასამართლო დარბაზიდან.
ფოტოგამოფენაზე დამთვალიერებელს სიტყვით მიმართა ჟურნალისტმა გურამ როგავამ და ქართველი ჟურნალისტებისთვის არსებულ რეალობაზე ისაუბრა.
“მე საქართველოდან ვარ, ქვეყნიდან, რომელიც დღეს ომში არ არის, თბილისში ბომბები არ ცვივა, თუმცა ბევრი ჟურნალისტისთვის ისეთი პირობებია შექმნილი, თითქოს ბრძოლის ველზე ვმუშაობთ. საქართველოში ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად მტრებად აღიქვამენ. დღეს ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკა მხოლოდ პროფესია არაა, ის სულ უფრო მეტად ხდება გამძლეობის გამოცდა. 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს, როდესაც პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი პროტესტს, მე თავს დამესხა სპეცრაზმი. მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ გამოძიება არ ჩატარებულა და “ქართული ოცნების” მთავარ პროპაგანდისტულ ტელეარხს, ტელეკომპანია “იმედს”, არასდროს უთქვამს საზოგადოებისთვის, რა დამემართა, ამ დრომდე მათ ეს კადრები ეთერში არ უჩვენებიათ, ეს დამალეს. ეს არის ჩვენი რეალობა. კრიტიკული ხმები თავდასხმის ქვეშაა. ამ გამოფენაზე ერთ-ერთ ფოტოზე ჩემი კოლეგა, მზია ამაღლობელი, სასამართლო დარბაზშია გადაღებული. მზია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევა, ის ბევრად უფრო ფართო სურათს წარმოადგენს. საქართველო დღეს კრიტიკულ ზღვარზე დგას,” – განაცხადა როგავამ.
ცნობისთვის, გამოფენა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
