ბრალის წარდგენას ელოდება პირი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას რუსეთს გადასცემდა. დიდი ალბათობით, ბრალის წარდგენიდან რამდენიმე საათშივე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სუს-ის ცნობით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
უწყების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
