თეოლოგი ლელა ჯეჯელავა აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლო ჩარევის შესახებ მღვდელმთავრების გაფრთხილებები საფუძვლიან ეჭვებს აჩენს და მიუთითებს, რომ მსგავსი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება.
მისი თქმით, კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში უცხოელი აქტორების გავლენის მცდელობაც არსებობს, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატის ირგვლივ უკვე ფორმირებულია კონკრეტული პოლიტიკური მხარდაჭერა. ჯეჯელავა ხაზს უსვამს, რომ ასეთი ვითარება არაეთიკურ გარემოს ქმნის და თავად პროცესის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“ის, რომ მღვდელმთავრები პერიოდულად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არავინ ჩაერიოს, ეს ხომ მოწმენდილ ცაზე არ შეიძლება, ყოფილიყო? ესე იგი, ჩარევების მცდელობა არსებობდა. კულუარულად ვრცელდება ხმები, რომ პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოსული 80 კაციანი დელეგაციიდან ვიღაცეები დარჩნენ საქართველოში დღემდე და აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ქვეყნის შიგნით. ამაზე პასუხი უნდა გასცეს იმ სამსახურმაა, რომლის უფროსებსაც, დიდ ბოდიშს ვუხდი გამოთქმაზე, წინდებივით იცვლის ივანიშვილი. ის, რომ ერთი კანდიდატი სახეზეა და ცნობილია, უკვე ნამდვილად ვიცით, ის, რომ მას აქვს სახელისუფლებო მხარდაჭერა, ესეც ვიცით. ძალიან არაეთიკურია თვითონ მოსაყდრის მიმართ, რომ არჩევნებამდე უკვე ძალიან მკაფიოდ შეიქმნა განწყობები, რომ ის არის სახელისუფლებო კანდიდატი”, – ამბობს ლელა ჯეჯელავა.
28 აპრილს მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს საპატრიარქო იქნება — წმინდა სინოდის წევრები სწორედ ამ დღეს დაასახელებენ სამ კანდიდატს, რომელთა შორისაც ერთი საქართველოს 142-ე პატრიარქი გახდება.
