საქართველოში მიუსაფარი ძაღლების საკითხთან დაკავშირებით, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით საქართველოს ხელისუფლებას და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უკვე მიმართა. მთავარი მოთხოვნა პროცესის მეტი გამჭვირვალობაა. დოკუმენტში პრობლემად დასახელებულია სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების მათთვის უცნობ ადგილებზე დატოვება და მიმკედლებლებისთვის ინფორმაციის დამალვა.
ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშებისა და დოკუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:
სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ბუნებრივ გარემოში დაუბრუნებლობა;
უკვე სტერილიზებული ძაღლების განმეორებითი დაჭერა;
ცხოველების გადაყვანა მათთვის შეუსაბამო ტერიტორიებზე;
ინფორმაციის არარსებობა მრავალი ცხოველის ადგილსამყოფელის შესახებ.
OIPA-მ თავის წერილში კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი მოთხოვნებით მიმართა:
უზრუნველყონ სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების დაბრუნება მათ პირვანდელ საცხოვრებელ გარემოში;
თავი აარიდონ უკვე სტერილიზებული ცხოველების ზედმეტ და უსაფუძვლო დაჭერას;
გახადონ ინფორმაცია ცხოველების ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო და გამჭვირვალე.
