მომავალი Trump Tower-ის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩა N13-ში არსებულ 9,645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე სოსო და ლევან ფხაკაძეების კომპანიამ – “ვან ცენტრალ პარკი” თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან კიდევ ერთი 41-სართულიანი შენობის ნებართვა მიიღო – ინფორმაციას გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ შენობის სიმაღლე 157 მეტრი, მისი მთლიანი ფართობი კი 66,232 კვადრატული მეტრი იქნება. ასევე, შენობის 46,583 კვადრატული მეტრი იქნება საცხოვრებელი ზონა, ხოლო 24,572 კვადრატული მეტრი კი კომერციულ ზონას დაეთმობა. ობიექტი სულ 484 ბინას გააერთიანებს.
“შენობის -1 სართულზე განთავსებულია აუტო შოურუმი და დამხმარე ფართები, 1 და მე-2 სართულზე განთავსებულია სავაჭრო კომერციული, და დამხმარე ფართები. მე-3-დან მე-6 სართულის ჩათვლით დაგეგმარებულია ღია ავტოსადგომები. მე-7 სართულზე მოწყობილია სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, აუზი, სპორტული დარბაზი, ლაუნჯის სივრცე და ღია ტერასა. მე-8 დან 41-ე სართულის ჩათვლით კი დაგეგმარებულია საცხოვრებელი ბინები… შენობაში სულ 484 ბინა და 293 საპარკინგე ადგილია, ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშებულია საცხოვრებელი კ-2 კოეფიციენტის ყოველ 150 კვ,მ ზე 1 ავტომანქანის ოდენობით” – ნათქვამია პროექტის აღწერაში, რომელიც არქიტექტურული ბიურო Dot-ის მიერ არის მომზადებული.
18 აპრილს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის – Trump Tower მშენებლობა იგეგმება. ის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ განთავსდება. მათივე ცნობით, პროექტი “საცხოვრებელ აპარტამენტებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებსა და სხვა ინფრასტრუქტურას გააერთიანებს”. Trump Tower-ის ადგილობრივი პარტნიორები Biograpi Living, Archi Group, The Sapir Organization, Blox Group და Finvest Georgia იქნებიან.
