სასახლის ღობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.
მხარეები დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებული ნანა სანდერის ვიდეომიმართვას გამოიკვლევენ, სადაც გამოძიების ვერსიით, სამოქალაქო აქტივისტი ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებს.
ამასთან, სხდომაზე უნდა გამოიკვლიონ ინტერვიუ, რომელიც ნანა სანდერმა ერთ-ერთ მედია საშუალებას მისცა და სადაც საუბარი იყო, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო 4 ოქტომბერს მოვლენები.
დაცვის მხარის განმარტებით, პროკურატურის აღნიშნულ მტკიცებულებებში ბრალდებული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე არ საუბრობს.
“ბრალდების მხარე ასრულებს უკვე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. ათეულობით დაზარალებული წარმოადგინა ბრალდების მხარემ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ უთითებს კონკრეტულად იმას, რომ რომელიმე წარმოდგენილ ბრალდებულთაგან რომელიმემ მათზე განახორციელა ძალადობა. მათი ამოცნობა ვერც ერთმა დაზარალებულმა ვერ შეძლო.
რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან, თუმცა ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი ჯგუფის წევრი, რომლის ორგანიზებაც მოახდინა მარიამ მეყანწიშვილმა.
ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნულ, წარმოდგენილ ბრალდებულებს შორის კავშირი,” – ამბობს უფლებადამცველი.
