დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს, რომლის დასრულების შემდეგ, მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.
როგორც სიონის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურმა და სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველი დიდი პანაშვიდი, რომელსაც ეკლესიებში იხდიან.
„საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, თომას კვირეულის სამშაბათ დღეს, ანუ დღევანდელ დღეს აღევლინება მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე არის, რომელსაც ეკლესია მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად განიხილავს. ეს არის ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ პირველი დიდი პანაშვიდი, რომელსაც ეკლესიებში იხდიან. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელიც წმინდა სინოდის სხვა წევრებთან, სიონის სამღვდელოებასთან და დამსწრე, მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად, მიცვალებულთა სულის საოხად პანაშვიდს აღავლენს. უპირველეს ყოვლისა, ამ პანაშვიდისას მოხსენიებული იქნება აწ უკვე განსვენებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და არა მარტო ის, ყოველი მართლმადიდებლობით აღვსილი. ღმერთმა ყველა მიცვალებულთა სულს მისცეს საუკუნო ხსენება და ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ“, – განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.
