ქართულმა ოცნებამ საგადასახადო კოდექში ცვლილებების პროექტი მოამზადა და პარლამენტში განსახილველად დააინიცირა. კანონპროექტის ტანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება.
ეს ცვლილება მოჰყვა საგადასახადო კოდექსში შეტანილ წინა კანონს, რომლითაც 2026 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტის აქციზი მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად ახალი კანონპროექტით ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ავტომობილების აქციზის გადახდა საერთოდ არ მოუწევს თავად სახელმწიფო იქნება.
“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. ამავე დროს, ანალოგიური შეღავათი არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილის) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გაააჩნია და საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას”. – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების დეპუტატები – შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან.
