დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ყოველ ორშაბათს 17:00 მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამასთან განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა მითითება, რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გაშალონ და 24-საათიანი პროტესტის ვადა შეამცირონ, რაც მათი შეფასებით, არაკონსტიტუციური და უკანონოა და ამ მითითებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება, რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24 – საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ (https://shorturl.at/JbXZS)
ეს მითითება არის არაკონსტიტუციური და უკანონო. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე ტერიტორია არის სკვერი, სადაც ხალხის შეკრება და პროტესტი არავის არაფერში ხელს არ უშლის. კიდეც რომ უშლიდეს, სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს გვაქვს უფლება ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამიტომ დღეს, 15:00 საათზე ამ მითითებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ.
მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, რომ მოვიდეს აქციაზე და დაიცვას ჩვენი უფლებები. პარალელურად, შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში პოლიციის უკანონო მითითებებზე და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას შეკრება მანიფესტაციის უფლების განხორციელების ხელის შეშლის გამო (სსკ. 161-ე მუხლი).
მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაგვითმოს დრო, მოიწვიოს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და მოვისმინოთ ხელისუფლების პასუხი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
