“ქართული ოცნების” პირობებში ანაკლიის პორტის პროექტი, სავარაუდოდ, არ განხორციელდება, – ასეთია ეკონომისტების შეფასება. პაატა ბაირახტარის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი ამ ეტაპზე რეალური პროგრესის გარეშე რჩება და მისი განხორციელება არსებული პირობებით ნაკლებად მოსალოდნელია.
ეკონომისტის თქმით, პროექტის ეკონომიკური მიმზიდველობა დაბალია, ხოლო საქართველოს პორტები მაღალი ტარიფებით გამოირჩევა, რაც დამატებით გამოწვევას ქმნის.
“ოცნების” მთავრობის პირობებში ანაკლიის პორტი უკვე სადღეგრძელოს დაემსგავსა, რეალურად, პროექტის ნაცვლად სადღეგრძელოს ფორმა მიიღო. სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდები, რომ “ოცნების” მთავრობის პირობებში ეს პროექტი განხორციელებადია რამდენიმე მიზეზთა გამო.
პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ესპროექტი, როგორც მინიმუმ, არ არის დღეის მდგომარეობით იმდენად მომგებიანი,რომ ამით უფრო მაღალი ინტერესი იქნას გამოხატული. მეორე კუთხით უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენი პორტები ერთ-ერთი ყველაზე ძირადღირებულია თუ გადავხედავთ, მაგალითად, ევროპის პორტებს. რჩება ერთადერთი – სტრატეგიული მნიშვნელობა ამ მიმართულებით. ამ მიმართულებით “ოცნების” მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები ამ მიმართულებით ჩაეხსნა და დარჩა ჩინეთის და რუსეთის მხარე. ახლა, ისინი როგორი პარტნიორები არიან ზოგადად ეკონომიკური პროექტების მიმართულებით, ეს ძალიან კარგად ვიცით”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.
ამასთან, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ყურადღებას ამახვილებს პროექტში შესაძლო უცხოურ ინტერესებზე და აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციის ნაკლებობა დამატებით კითხვებს აჩენს.
“იმის გათალისწინებით, რომ ფაქტობრივად, არც “ქართული ოცნება” არ გვეუბნება არაფერს ამ კომპანიის შესახებ და მათი წარმომდგენლების შესახებ არ დგება, ვიზიტებსაც არ აქვს ადგილი მათი მხრიდან, მე უფრო და უფრო მიღრმავდება რწმენა იმის, რომ ეს კომპანია, შეიძლება, საერთოდ არ არსებობს და არის ფიქტიური ინტერესი ჩინელების მხრიდან და აქ უკვე ჩნდება მეორე ვარაუდი, რომ ეს არის პატარა გეგმასავით “ქართული ოცნების”, რომ აჩვენოს მსოფლიოს, ამ მსოფლიოში, უპირველე ყოვლისა, იგულისხმება, ჩემი აზრით, აშშ, რომ არსებობს ასეთი ჩინური ინტერესი და შემდეგ გამოიყენოს ეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
