სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება ბოლომდე, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„მთელი ჩემი გული, ჩემი ფიქრები და ჩემი სული საქართველოში დარჩა – პარლამენტის წინ ხალხთან და ბრძოლაში ჩვენი მეგობრების გვერდით.
უსაზღვრო მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს მოედნიდან, და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.
ივანიშვილმა – მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ – დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი თავის პირად ინტერესებს შესწირა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.
სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება ბოლომდე. მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მონდომებითა და შეუპოვრად დარჩება და სამუდამოდ მოაშორებს „ქართული ოცნების“ კრიმინალურ დაჯგუფებას და ბანდიტების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან. ბოლომდე გვერდში დავუდგები ძვირფას ქართველ ხალხს და ჩემს თანამებრძოლებს!
გაურკვეველია რა მოხდება რაღაც დროის შემდეგ და რა ტრაგედიები დაგვატყდება თავს. პატიმრობა, რეპრესია, და საიდუმლო მკვლელობები ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს პოლიტიკური ბრძოლის არენაზე.
ძირს დიქტატურა!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ – წერს სადიგოვი.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
