სომხეთში საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს – ადვოკატ ვაჰან ჰოვანისიანის ინფორმაციით, პარტიის “ძლიერი სომხეთი” ორ წევრს ბრალი უკვე წარედგინა. ადვოკატი აცხადებს, რომ ზოგიერთ დაკავებულს სომხეთის მართლმსაჯულება ორივე დანაშაულს – ამომრჩევლისთვის ქრთამის მიცემასა და მიღებას ედავება.
ჰოვანისიანი ამტკიცებს, რომ სანამ ძლიერი სომხეთი პარტიად ჩამოყალიბდებოდა, ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით ახორციელებდა საქველმოქმედო და განვითარების პროგრამებს, პროექტში ჩართული პირები კი ხელფასს იღებდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვად სწორედ ამ ხელფასებს განიხილავს. ჰოვანისიანის თქმით, ვინაიდან ბრალი უკვე წარდგენილია, საგამოძიებო ორგანო აუცილებლად მოითხოვს აღკვეთის ღონისძიებებს, თუმცა კონკრეტულად რომელ სახეს (პატიმრობას, გირაოს თუ სხვა), ჯერჯერობით უცნობია.
სამველ კარაპეტიანი სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია – ის პარტიის “ძლიერი სომხეთი” ლიდერი და პრემიერობის კანდიდატია.
კარაპეტიანმა განაცხადა, რომ მან რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო, თუმცა სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ის ვერ შეძლებს დეპუტატის ან პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებას, ვინაიდან კანდიდატები მხოლოდ სომხეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კარაპეტიანის პარტია “ძლიერი სომხეთი” მეორე ადგილს იკავებს და ის მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტია.
