“ფალსიფიცირებული კონსერვები არასოდეს მიწარმოებია” – აცხადებს შსს-ისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვების მიწოდებისთვის ბრალდებული კულას დამფუძნებელი, ვანო გოგლიძე, გათავისუფლების შემდეგ BMG-თან.
გოგლიძე ირწმუნება, რომ ფალსიფიცირებული კონსერვები არასდროს უწარმოებია. ბიზნესმენი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ თვლის – „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები. თავს დამნაშავედ არ ვთვლი. არასოდეს მიწარმოებია და მიმიწოდებია არავისთვის, მათ შორის არც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვები. პროდუქცია ყოველთვის ნორმების სრული დაცვით მზადდებოდა” – აცხადებს გოგლიძე.
ბიზნესმენი ვანო გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.
ვანო გოგლიძე შს და თავდაცვის სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვის მიწოდების ბრალდებით თებერვალში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” – აცხადებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გოგლიძისთვის წაყენებული ბრალდება – 197-ე მუხლის მე-3 ნაწილი – 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
