დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი იწყება. შეჯიბრება 16-იდან 19 აპრილამდე გაგრძელდება. წინასწარი შეხვედრები – 9 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 16 საათიდან იგეგმება. სწორედ ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი.
„თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ძალიან დატვირთული და კონკურენტული იქნება, რადგან აქ ევროპული ძიუდოს ვარსკვლავები იყრიან თავს. ასეთი ტიტულოვანი ძიუდოისტებით დახუნძლული ევროპის ჩემპიონატი არ მახსოვს,“ – ამის შესახებ საქართველოს ძუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„ყველა წონით კატეგორიაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონები იასპარეზებენ, თუმცა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ყველა დასამარცხებელია,“ – აღნიშნა გუჯეჯიანმა.
ქართველმა მწვრთნელმა ქართველი სპორტსმენების მზადყოფნასა და გულშემატკივრის როლზეც გააკეთა კომენტარი.
„შეკრება უნგრეთში გვქონდა, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდში ყველაფერი რიგზეა, საკმაოდ ამაღლებული განწყობაა, რაც ოპტიმისტურად ფიქრის შესაძლებლობას მაძლევს.
ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო წონის კლებაა, თუმცა გუნდის თითოეულ წევრს კარგად აქვს გააზრებული ის დაკისრებული პასუხისმგებლობა და დავალება, რაც წონის კლებას უკავშირდება. ამიტომ მათ პროფესიონალიზმსა და გამცდილებაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება საკუთარ კედლებში ბრძოლას, საბედნიეროდ, იმდენი ადამიანისგან მიგრძვნია გულწრფელი გულშემატკივრობა, რომ ვფიქრობ, ეს ცალკე ძალაა ტატამზე გასული ქართველი სპორტსმენისთვის.
ახლა ის მომენტია, როდესაც გუნდში გენეტიკუტმა ხასიათმა უნდა გაიღვიძოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მედლები საქართველოშია და აპირებენ, რომ წაიღონ, თუმცა ჩვენ, გულშემატკივართან ერთად, ღირსეულად ვუმასპინძლებთ სტუმრებს, მაგრამ მედლებს ვერ გავატანთ“, – აღნიშნა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
