გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე, სადაც ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანია ბრალდებული დღეს ორი მოწმე დაიკითხა – ლუკა მაყაშვილი, რომელიც ბრალდებულების მეგობარი და რომელთან მიმოწერაც ჰქონდა დემეტრე ჩიქოვანს და საქმის ძირითადი გამომძიებელი.
როგორც პროკურორმა ქეთი სონიძემ პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, სწორედ ლუკა მაყაშვილს სწერდა ჩიქოვანი, გიორგი რიკაძესთვის გადაეცა, რომ ალექსანდრე გაბაშვილს დანაშაულის ადგილზე გაჰყოლოდა.
პროკურორმა ასევე ისაუბრა მეორე ბრალდებულზეც და აღნიშნა, რომ ანი ნასყიდაშვილის და ალექსანდრე გაბაშვილის მიმოწერები საქმეში დევს. მისი თქმით, ნასყიდაშვილი, რომელსაც გამოძიება შეუტყობინებლობას ედავება, ამ მიმოწერებში „ცინიკურად, ვითომ თანაგრძნობასაც კი გამოხატავდა მომავალ მსხვერპლთან გიგა ავალიანთან დაკავშირებით“.
“დაიკითხა ორი მოწმე – პირველი ეს გახლავთ ლუკა მაყაშვილი, ეს გახლავთ ბრალდებულების მეგობარი, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა დემეტრე ჩიქოვანს. სწორედ დემეტრე ჩიქოვანი ამ პირს სწერდა, რომ გიორგი რიკაძესთვის გადაეცა, რომ საშკას, იგივე ალექსანდრე გაბაშვილს თემქაზე გაყოლოდა. მოუწოდებდა, რომ შემთხვევის ადგილზე წასულიყო ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად გიორგი რიკაძე და დახმარებოდა მას დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ეს არის საქმის ძირითადი გამომძიებელი.
ანუ ნასყიდაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მზადდებოდა დანაშაული, რომელიც მიმართული იყო გიგა ავალიანის წინააღმდეგ. ნასყიდაშვილი პირდაპირ ეუბნება ალექსანდრე გაბაშვილს, რომ წინასწარ ეცოდება და წარმოუდგენია, თუ რას დამართებენ გიგა ავალიანს თავდასხმის შემთხვევაში ბრალდებულები. ანი ნასყიდაშვილმა ზუსტად იცოდა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უკვე პირველ ოქტომბერს, როცა ეს ფაქტი მოხდა. ამას ადასტურებს, ტაქსის მძღოლის, ატო თაღიაშვილის ჩვენება, რომელმაც გვითხრა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან გარბოდნენ გიორგი რიკაძე და ალექსადნრე გაბაშვილი, მათ ტაქსში ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით”, – აცხადებს ქეთი სონიძე.
პროკურომა ასევე უპასუხა საპროცესო შეთანხმებსი შესაძლო გაფორმებაზე დასმულ კითხვასაც – ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულებთან: ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას. დუმილის უფლება ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ წარმოებს. არც არასოდეს ყოფილა მსგავსი მოლაპარაკება ჩვენს შორის. როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და არ აღიარებს დანაშაულს, ეს თავისთავად გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკებსი არსებობას”, – აცხადებს პროკურორი ქეთი სონიძე.
