„მოპედი შენობა არ არის, რომ დაანგრიოთ!“ – ამ ლოზუნგით ბათუმში 300-მდე თვითდასაქმებულმა პირმა აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორები საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონულ ხელისუფლებას საგანგებო წერილით მიმართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს მოპედების მეპატრონეთა დევნა, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს კონკრეტული ლოკაციები და დააწესოს სამართლიანი რეგულაციები საქმიანობის გასაგრძელებლად.
„ხელისუფლების ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოსა და ლოგიკას სცილდება. ბულვარის „გასუფთავების“ მოტივით ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვება ღამის საათებში, ძალისმიერი მეთოდებით, დაუშვებელია.
ელექტრომოპედი არ არის შენობა-ნაგებობა ან უკანონო ბეტონის კონსტრუქცია, რომლის დასანგრევადაც მძიმე ტექნიკაა საჭირო. ეს არის მოძრავი ქონება და ჩვენი ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ქაოსს – ჩვენ ვითხოვთ ალტერნატიულ შეთავაზებას და მუშაობის უფლებას ცივილიზებულ პირობებში. ნუ სწირავთ ადამიანებს ესთეტიკის სახელით.
შეწყდეს რეპრესიული მეთოდები: დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოპედების მეპატრონეთა დევნა და ქონების იძულებითი ჩამორთმევა/დაზიანება.
ნაცვლად ბრმა აკრძალვისა, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს კონკრეტული ლოკაციები და დააწესოს სამართლიანი რეგულაციები საქმიანობის გასაგრძელებლად.
300-მდე თვითდასაქმებული მოითხოვს პირდაპირ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული სოციალური კატასტროფა. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ლუკმაპურს ართმევს. დუმილი დღეს დანაშაულია!“ – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.
