საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.
აპარატის ცნობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე შეხვდნენ.
„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და აქციების დროს დაკავებულთა მიმართ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების ხარვეზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, აქციებზე დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ხარვეზებს. განსახილველ თემას წარმოადგენდა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლად საქმიანობა და საგრანტო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები.
სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაწესებულებებში განთავსებულ პატიმართა პირობები განიხილა.
ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა და კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.
შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის გასული წლის ვიზიტის შემდგომ მოვლენების განვითარების შესწავლას ისახავდა მიზნად.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა კომისრის აპარატის დირექტორის მოადგილე, კლაუდია ლამი და მრჩეველი რომერ ლემეტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
