ლიეტუვაში რუსეთის დავალებით პოლიტიკური მკვლელობების დაგეგმვისთვის დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა – ის 55 წლის კაცი, რომელიც ეთნიკურად ბერძენია საბერძნეთში დააკავეს – სალონიკის სასამართლომ მისი ლიეტუვაში ექსტრადიცია გადაწყვიტა. ინფორმაციას ბერძნული მედია Voria ავრცელებს და ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ჯაშუშური ქსელების საშუალებით ლიეტუვაში იგეგმებოდა ორმაგი მკვლელობა – რუსი აქტივისტისა, რომელმაც თავშესაფარი ლიეტუვაში მიიღო და პოლიტიკური მრჩევლისა, რომელიც ცნობილი იყო რუსეთის მისამართით კრიტიკით.
საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სხვადასხვა ქვეყნებში 7 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ლიეტუვის მოქალაქეები. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საბერძნეთში დაკავებულ 55 წლის კაცთან დაკავშირებით სალონიკის სააპელაციო სასამართლომ ევროპული ორდერის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ლიეტუვას უნდა გადაეცეს, რომელიც რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი ლიეტუვაში რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური მრჩევლის და რუსეთიდან ლიეტუვაში გაქცეული 46 წლის აქტივისტის მკვლელობას გეგმავდა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ბერძენი კაცი მკვლელობის მოსამზადებლად ლიეტუვაში თანხის ნაწილის, 5000 ევროს გადარიცხვაში მონაწილეობდა.
ბერძნული გამოცემა Voria წერს, რომ ეჭვმიტანილი, რომლის ექსტრადიციის გადაწყვეტილება სალონიკის სასამართლომ მიიღო, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ბერძენი კაცი კი დანაშაულს არ აღიარებს და აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბერძნეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
გამოცემა Delfi, რომელიც ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს წერს, რომ გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილები აგროვებდნენ ინფორმაციას პოტენციურ მსხვერპლებზე, უთვალთვალებდნენ, უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს; ერთ-ერთი პოტენციური მსხვერპლის ავტომობილში მოსასმენი აპარატიც კი დაამონტაჟეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილებმა აქტივისტის ელექტრონული სისტემებიც გატეხეს.
გამოცემა Delfi-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფის დაგეგმილი მკვლელობა ვერ შედგა, რადგან ლიეტუვას პოლიციამ ეჭვმიტანილები მალევე დააკავა.
