„1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას!“ — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, თუმცა ერთდროულად გამორჩეულ მოვლენად რჩება, რომელმაც ქვეყნის თავისუფლებისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გააძლიერა.
“1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია – ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდ გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას! ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა!
9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია.
მადლობა თავისუფლებისთვის ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ! გვფარავდეს ღმერთი!” – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
