გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში, პროკურატურის განცხადებით, ერთზე მეტი მამხილებელი ჩვენება არსებობს, თუმცა ვინ მისცა ჩვენებები ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ საქმეში ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან არა ერთი, არამედ რამდენიმე მამხილებელი ჩვენებაა წარმოდგენილი. ეს გარემოება შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართება.
როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს არ სურთ საჯარო გახდეს ის ინფორმაცია, რომელიც ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ გამოძიებას მიაწოდეს.
რეზონანსულ საქმეზე, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან დასაკითხად მიიყვანენ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს. მისი ჩვენება ლილუაშვილის საქმეშიც ფიგურირებს, თუმცა მიქაუტაძე ერთადერთი მოწმე არ არის.
პროკურორმა დღეს დაადასტურა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბიზნესმენი გივი ჯიბლაძეა. ჯიბლაძეს ბრალდებულის სტატუსი აქვს ცალკე გამოყოფილ საქმეში, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია.
ლილუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯიბლაძე დაცვის მხარისთვის სანდო მოწმედ არ მიიჩნევა — ამ საკითხზე მან სასამართლო სხდომის დახურვამდე ისაუბრა.
მანამდე კი, ვიდრე მოსამართლე ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმეზე პროცესის დახურვას გადაწყვეტდა, ლილუაშვილის ადვოკატები სასამართლოსგან თანაბარ პირობებს ითხოვდნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა მედიისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რათა საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
