პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ბრალდებით სამეგრელოში 1 პირი დააკავეს – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
“სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
