შსს მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმის დაკავებას ადასტურებს – ქემალ ისმაილოვს ხელბორკილები გამოკითხვის მომენტში დაადეს. საგამოძიებო უწყება ისმაილოვს ჯგუფურ ძალადობას და მასში მონაწილეობას ედავება.
უცნობია რა პოზიცია აქვს მაღალჩნოსნის ძმას, რომელიც ახლა იზოლატორში იმყოფება და ბრალის გაცნობას ელოდება.
როგორც “ტვ პირველს” მარნეულში უყვებიან, მერის ძმამ და სხვა მაღალჩინოსანებმა ადგილობრივ მეწარმეს, რომელსაც პურის ბიზნესი აქვს, გუშინ დილით ჩასაფრება მაშინ მოუწყვეს, როცა სადისტრიბუციო მანქანით გადადგილდებოდა. მანქანა გააჩერეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
ის რომ სისხლიანი ანგარიშსწორება პურის ბიზნესს უკავშირდება, ამის შესახებ უფლებადამცველის სამირა ბაირამოვაც საუბრობს.
“მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ”, – წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა.
ადგილზე ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებაში 5 პირი მონაწილეობდა, რომელთაც ნიღბები ეკეთათ. ხუთიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანი, ქემალ ისმაილოვია დაკავებული.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გუშინ ღამით გადაღებული ფოტო მასალა, სადაც ჩანს, როგორ არიან მობილიზებულია საჯარო მოხელეები მარნეულის პოლიციასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით. ამ დანაშაულისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
