არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს, არც მოწმე, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ჩვენება „სასახლის ღობის ექსპერტმა“ უნდა მისცეს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
„ძალიან მინდა, ამ პროცესს ყველა დავესწროთ და ვნახოთ, რა უნდა თქვას ექსპერტმა ბაჩოს წინააღმდეგ და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ეს სასამართლო თავიდან ბოლომდე „ფეიკია“, ეს შენობა არის, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორმებენ, ამ შენობას სამართალთან კავშირი არ აქვს. არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, არც დაზარალებული ჰყავს საქმეს, არც მოწმე. ეს რომ საზოგადოებამ არ დაინახოს, სწორედ ამიტომ, არის სხდომა დახურული”,- განაცხადა ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
