სინოდი ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე იქნება , – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკივრელმა, ქადაგებისას, ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მხარს დაუჭერენ მათ, ვისაც წმიდა სინოდი გამოარჩევს, რადგან ყველა კანდიდატი ღირსეულია და მომავალ პატრიაქს ილია II-ის გზის გაგრძელებდაში წმიდა სინოდის წევრები დაეხმარებიან.
“მარტო თვითონ ვერ შეძლებს. წმიდა სინოდის წევრები, ჩვენ, ვიქნებით ისინი ვინც მასთან ერთად ვიტვირთავთ ამ ჯვარს”, – თქვა მეუფე საბამ.
“რომ არ ეგონა ბევრ ადამიანს, შეიძლება ჩვენც არ ველოდით და არ გვეგონა თუ რამდენად დიდი სიყვარული გამოხატა ქართველმა ერმა, მისი უწმიდესობის მიმართ. სიტყვებიც ზედმეტია, ჩვენ ვხედავდით იმ დღეებში იმ დიდ სიყვარულს იმ რიგებს, რომლებიც სამების ტაძრისკენ იყო მიმართული, იქ სადაც ესვენა მისი უწმიდესობა. როგორ მოდიოდნენ ისინიც კი ვინც მას განიკითხავდნენ, ისინიც, ვინც ეკლესიის მიმართაც კრიტიკით იყვნენ განწყობილები და პატივისცემას გამოხატავდნენ მისი უწმიდესობის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვიტყვი, და დასამალიც არ არის, ამიტომაც არის დღეს ვნებათაღელვა და მღელვარება ადამიანების, ვინ იქნება ის, ვინც გააგრძელებს იმ დიდი პატრიარქების გზას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ღვთის ერთგულებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და ადამიანებისადმი სიყვარულს.
საქართველოს ეკლესიაში 141 პატრიარქი იყო, და ისინი არიან, როგორც მნათობი ვარსკვლავები და მომავალი პატრიარქი სწორედ ასეთივე იქნება. ჩვენ გვჯერა ამის, რადგანაც ღმერთი გამოაჩენს თავის ნებას.
მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არ აჰყვეთ ზოგიერთი ადამიანის იმ ფიქრს, თითქოს არც ის არის სწორი, პატრიარქობა მემკვიდრეობით არ გადადის, არამედ არის არჩევნებით და არჩევითი. და სწორედ ეს არჩევნები, სინოდის წევრები გადაწყვეტენ, თუ ვინ იყოს მომავალი პატრიარქი. ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე იქნება.
ისეთი პატრიარქის, როგორიც ჩვენი უწმიდესი იყო, იმის მერე ახალი პატრიარქი ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა, მათ შორის, შედარების და კრიტიკის [ობიექტი]. თუ როგორი იქნება, როგორ გააერთიანებს ხალხს, როგორ ექნება ერთობა ყველა ადამიანთან და ყველაზე მეტად დაწუნებულებთან, მათთან, ვისაც აკრიტიკებენ, ვინც დაწუნებულია ერისგან.
ხშირად ამას ჩვენი პატრიარქი აკეთებდა, ჩვენი პატრიარქი აერთიანებდა პოზიციასაც, ოპოზიციასაც, სხვადასხვა, მათ შორის, რელიგიების წარმომადგენლებს საქართველოში ხვდებოდა. ამიტომაც, ისინი აღიქვამდნენ და თვლიდნენ, რომ არამარტო ქრისტიანებისთვის, არამედ კავკასიაში იყო სულიერი ლიდერი ჩვენი პატრიარქი. ამიტომაც, მომავალში ეს გზა უნდა გააგრძელოს ახალმა პატრიარქმა. რა თქმა უნდა, ამას მარტო თვითონ ვერ შეძლებს. წმიდა სინოდის წევრები, ჩვენ, ვიქნებით ისინი ვინც მასთან ერთად ვიტვირთავთ ამ ჯვარს.
ჟურნალისტმა მკითხა ასეთი შეკითხვა,თქვენ თუ მხარს დაუჭერთ ახალ პატრიარქსო. ხალხნო, გეტყვით, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ ვართ პოზიცია და ოპოზიცია. ეკლესიაში არის იერარქია. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ იმას, ვისაც წმიდა სინოდი გამოარჩევს. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავემორჩილოთ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას და 142-ე პატრიარქი, რომელიც დადგება, ივერიის ეკლესიის ტახტზე, ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვიქნებით მის სიყვარულში და ეკლესიის აღმშენებლობაში ერთად. ვინც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერი მათგანი იქნება ღირსეული, რადგანაც წმიდა სინოდი აარჩევს იმას და ღმერთი გამოავლენს საკუთარ ნებას. ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ ამის გვწამს და ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა დაიწყეს, გაგრძელდება”. – განაცხადა ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა.
