საქართველოდან გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, თამთა მიქელაძე წერს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სადიგოვს რამდენიმე თვეში ახალი ბრალი წაუყენოს და ახალი “საქმე შეკეროს”.
„რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში. როგორც ჩანს, ბაქოში დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს. მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვირდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმს სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას, – წერს მიქელაძე.
