“შაბათის ეთერის” ახალი ჟურნალისტური გამოძიება – პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები, 4 ოქტომბრის საღამოს, აქციის დღეს მიტრიალებული იყო.
მტკიცებულებებით დგინდება, საპრეზიდენტო სასახლის ნაცვლად, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, კამერები 4 ოქტომბერს მხოლოდ მიწას და ცას უყურებდნენ.
“შაბათის გუნდმა” მოიპოვა აუდიო ჩანაწერი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებლის სასამართლოში დაკითხვის ოქმი. ამ ჩანაწერის მიხედვით, აკაკი ქადაგიშვილმა, 16 მარტს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ სამეთვალყურეო კამერებს პრეზიდენტის სასახლესთან, 4 ოქტომბერს მიმართულება შეცვლილი ჰქონდა.
ქადაგიშვილის ვერსიით, ეს დანაშაული, აქციის მონაწილეებმა საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჩაიდინეს, თუმცა უფლებადამცველების თქმით, ეს ვერსია საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორს “შაბათის ეთერმა” ჰკითხა, ვის აცნობა 112-ის ოპერატორმა მომხდარის შესახებ, როდესაც დაინახა, რომ კამერებს მიმართულება შეუცვალეს და ვეღარ უყურებდა პრეზიდენტის სასახლეს, თუმცა გიორგი არსოშვილს და მის უწყებას, “შაბათის ეთერის” არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.
ორბელიანების სასახლის ფასადზე “შაბათის ეთერმა” 6 კამერა დათვალა. 4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმეში კი მხოლოდ ერთი კამერის ჩანაწერია, რომელიც საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა და სადაც საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობის წაქცევაა ასახული.
იმ ფონზე, როდესაც მიმდებარე ობიექტების ვიდეო მეთვლყურეობის სისტემებით არავინ დაინტერესებულა და 112-ის კამერებსაც მიმართულება შეუცვალეს, სიმართლის დადგენისთვის ერთადერთ გამოსავლად, თავად პრეზიდენტის სასახლეზე დამონტაჟებული კამერები რჩება. ამ მოწყობილობებს უნდა აღებეჭდათ ადამიანები, რომლებმაც რეზიდენციის გალავნის პირველი სექცია წააქციეს. საქმეში მხოლოდ ერთი 30 წამიანი ვიდეო დევს, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო. ამ ერთი კადრით მყარდება ის ვერსია, რაზეც “შაბათის ეთერი” პირველ ჟურნალისტურ გამოძიებაში ყვებოდა – ღობე წამებში ეცემა, რკინის გალავანი საყრდენს პირველივე შეხებისთანავე სწყდება.
საგულისხმო დეტალი: რუსთაველიდან სასახლესთან ჩასულ აქტივისტებს ხვდება გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი სამი პირი, რომლებიც თვითმხილველთა გადმოცემით, მომიტინგეებს არა ჭიშკრისკენ, არამედ ღობისკენ უთითებდა. ვინ არის ეს ხალხი და სად წავიდნენ ღობის გადმოგდების შემდეგ? – გამოძიებამ ვერც ეს დაადგინა.
სასახლის ღობის საქმეზე, ჯამში 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სასამართლო პროცესებიც თვეებია მიმდინარეობს. მალე მხარეები განაჩენსაც ელოდებიან, თუმცა პროკურატურამ ამ დრომდე ვერ მოახერხა იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც სასახლის ზღუდე რეალურად წააქცია, ადგილზე მისულ ხალხს ღობისკენ უთითებდა და შემდეგ უკვე აღარავის უნახავს.
