გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლინდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
დაბა ხულოში, ასევე სოფლებში – ოქროაშვილებსა და გოგნიაურში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 42 მრგვალი ხე-ტყე (მორი).
შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, გასულ წელს, მხოლოდ აჭარისა და გურიის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 400-მდე ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
