“ხარება არავის სცემდა” – “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული სპეცრაზმის ყოფილი შეფი სამაგალითო წესრიგის დამცველი იყო.
ასეულობით სასტიკად ნაცემი და ნაწამები მოქალაქე და არც ერთი დასჯილი მოძალადე – სახალხო დამცველის მძიმე ანგარიშის შემდეგ ივანიშვილის გუნდი ირწმუნება, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერც ერთი დამნაშავე სამართალდამცველის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ვერც ის პოლიციელები ამოიცნეს, ვისაც ნიღაბიც კი არ ეკეთა სასტიკი დარბევების დროს. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2025 წელს 500 დაკავებულიდან 300 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ, 200-მდე პირს კი დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა. უფრო მეტიც ხარება და სხვა მაღლჩინოსნები, ვინც აქციის მონაწილეებს არბევდა და მათი ცემისა და წამების ბრძანებებს გასცემდა, სახელმწიფო ორდენებით დააჯილოდოვეს. და ეს იმ ფონზე, როცა სამართალდარღვევად „ქართული ოცნებისათვის“ ტროტუარზე დგომა და მშვიდობიანი პროტესტი ითვლება.
სახალხო დამცველის საგანგაშო ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში: 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ 8200 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
