ექსპერტიზამ “ვარკეთილის” ზედა ვესტიბიულში “ბზარების სიდიდის დაუშვებლობა” აღმოაჩინა, შედეგად სამუშაოები შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ექსპერტიზა სახელმწიფო უწყებამ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა.
23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან. შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წერილის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია 5 სექტემბრიდან და სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ არეალზე აღარ მიმდინარეობს,” – წერია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ “ბადა ქონსთრაქშენს” შორის ხელშეკრულების გადავადების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში.
ხელშეკრულების ვადამ 31 მაისამდე გადაიწია. დოკუმენტის თანახმად, პირველ ეტაპზე ვესტიბიულის კონსტრუქცია უნდა გამაგრდეს, ამის შემდეგ კი კომპანიამ სამუშაოები 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ცნობისთვის, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს, შესაბამისად ის 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო.
