გორში, ძაღლების თავშესაფართან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შეყვანილი ცხოველები უკან აღარ ბრუნდებიან, რადგან ევთანაზიას უკეთებენ.
ცხოველთა დამცველების განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციისა და სტერილიზაციის პროცესი გაუმჭვირვალეა. აღნიშნული საკითხი გააპროტესტეს დღეს ზუგდიდშიც. გარდა ამისა, 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა.
ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული, აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილას აღარ აბრუნებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა. სააგენტო უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.
