გორის თავშესაფარში ღამით ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის საშინელი სუნი დგას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი წერს და უმძიმეს კადრებს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ კრემატორიუმი ნამდვილად მუშაობს, ადგილობრივები კი ყვებიან სუნზე რომელსაც ამ ტერიტორიიდან გრძნობენ.
ლიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი განმარტებებს გორის სახელმწიფო თავშესაფარისაგან ითხოვს.
“ეს წუთია გორიდან მივიღე ვიდეო. გორის სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც იშვიათად თუ ჩართავდნენ კრემატორიუმის ღუმელს, მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამოდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ეხლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს. კატეგორიულად მოვითხოვთ გორის სახელმწიფო თავშესაფარისაგან პასუხს:
რა ხდება თქვენთან? დღევანდელ დღემდე ასე აგუგუნებული არასდროს ყოფილა კრემატორიუმის ღუმელი და სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანების თქვენთან შემოსვლის შემდეგ რატო ააგუგუნეთ ღუმელი?”- ნათქვამია ინფორმაციაში.
მიკედლებული ძაღლების გაუჩინარებასთან დაკავშირებით უკვე რამდნეიმე დღეა ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი. სახელმწიფო უწყებებს ცხოველთა უფლედამცველეები ბრალს სდებენ რომ ძაღლები თითქოს სტერილიზაციისთვის მიჰყავთ, შემდეგ კი ცხოველები უკვალოდ ქრებიან.
ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე 12 საათზე მეტია გავრცელდა, თუმცა ოფიციალური განმარტება ამას არ მოჰყოლია.
