სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
„კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს „როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღიარების პროცედურა და სავალდებულო აღიარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობების ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე.
